„ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან “მიდენოს” ოპოზიციურად განწყობილი ძალები“ – დავით უსუფაშვილი

„ოცნება“ ცდილობს, სააკაშვილთან “მიდენოს” სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები,“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი განმარტავს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით ივანიშვილი კარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს.

„ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ.

ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს”, – აცხადებს უსუფაშვილი.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები არ არის სააკაშვილ-ივანიშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ ეს ის საკითხია, სადაც მათი ინტერესები თანხვედრაშია.

“ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები“, ხოლო ვითარების გამწვავებით, სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას.

ეს არ არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ ეს ნამდვილად არის მათი ინტერესების თანხვედრა”, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები