“ნიკა მელია პარლამენტში იმყოფება და მიმალვას არ აპირებს” – ადვოკატი

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება,” – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, ჟურნალისტებს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.

პროკურატურაში ნიკა მელიას ადვოკატი მტკიცებულებების გასაცნობად მივიდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ წუთებში ხდება საქმის მტკიცებულებების ხელოვნურად შეგროვება, ვინაიდან მისივე შეფასებით, ეს ბრალდება აბსურდული შინაარსისაა.

“უნდა ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, თუმცაღა მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები.

გუშინდელს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, გადმოგვეცეს მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკანონ მერიასთან მიმართებაში, რაც დღემდე არ გადმოუციათ. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება, რომ მას აქვს ორი პასპორტი, რომ იგი რამდენჯერმეა საზღვარგარეთ ნამყოფი, ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი. ასევე, გასარკვევია რას გულისხმობს პროკურატურა ორგანიზებაში, მასობრივ არეულობაში, ხელმძღვანელობაში, გადატრიალებაში.

უამრავი ჩანაწერი არსებობს, სადაც ნიკა მელია აცხადებს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად შევიდეთ პარლამენტის შენობაში და გავაპროტესტოთო. თუკი ამას გულისხმობს პროკურატურა მასობრივ არეულობაში და გადატრიალებაში და ბუნტში, ეს არის სამართლებრივი აბსურდი“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც კონდახაშვილმა აღნისნა, ნიკა მელია ამჟამად პარლემენტში იმყოფება და მიმალვას აპ აპირებს.

„ის არსად აპირებს მიმალვას და მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს ამ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

მსგავსი თემები