“თუკი რაიმეს მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში, ყველაფერს ხაზი გადაესვა”- კახა ოქრიაშვილი

 „ამ საშინელი ფაქტის შემდეგ, რასაც შეცდომასაც ვერ დაარქმევ, თუკი რაიმეს მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში, ყველაფერს ხაზი გადაესვა,“- ასე აფასებს “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს და ფაქტს ხელისუფლების უმძიმეს შეცდომას უწოდებს.

როგორც დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნავს, რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მოწვევის შედეგად განვითარებული მოვლენები, ხანგრძლივად შეაჩერებს რუსეთთან მოლაპარაკების პერსპექტივას:

„იყო დაშვებული სასწაული, იდიოტური შეცდომა, როდესაც რუსეთის დეპუტატი აღმოჩნდა საერთოდ საქართველოს პარლამენტში. აქამდე ვცდილობდით, გვქონოდა რუსეთთან ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში და იმ დონემდე მაინც მოგვეგვარებინა პოლიტიკურ საკითხი, რომ ახლო მომავალში თუ არა, პერსპექტივაში მაინც ყოფილიყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა. ის ურთიერთობა, რაც უკვე გვქონდა რუსეთთან, კარგი ხომ არ იყო?! თუმცა რაღაც ნაბიჯები გავიარეთ, ვაღიარებდით, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, მაგრამ პერსპექტიული საუბარი და ეკონომიკური ურთიერთობები იყო ჩვენ შორის.

ამიტომაც ვსაუბრობთ რუსეთთან აბაშიძე-კარასინის ფორმატით, და ის, რომ რუსები მიდიან და მოდიან ჩვენთან, არის ძალიან კარგი…  ამ საშინელი ფაქტის შემდეგ კი, რასაც შეცდომასაც ვერ დაარქმევ, ყველაფერს ხაზი გადაესვა,“- აცხადებს დეპუტატი მედიაცენტრ „მთავართან“.  

ოქრიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად რუსეთის ფედერაცია გავანაწყენეთ, „საბოდიშო“ არაფერი გვაქვს.  

„იმ დღეს, 20 ივნისს ვიყავი ბაქოში, სამუშაო ვიზიტით და ეს რომ წავიკითხე, გული გამისკდა. პირველად ვიფიქრე, რუსეთს რა უნდა გაეკეთებინა, როცა მათ დეპუტატებს წყალი შეასხეს და ქვეყნიდან გამოაძევეს! ჩვენი ბრალია, მათი დანაშაული არაფერია, ამ შემთხვევაში. თუმცა, რუს დეპუტატთა ნაწილის მოწოდების მიუხედავად, ვთვლი, რომ მათ ბოდიში არ უნდა მოვუხადოთ. ამის წინააღმდეგი ვარ, არაფერი საბოდიშო არა გვაქვს, მაგრამ არ უნდა შეგვეშლოდა ასეთი რამე!, – აცხადებს დეპუტატი “მედიაცენტრ მთავართან”.

20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, კახა ოქრიაშვილმა ბაქოდან საკუთარი პოზიცია დაუყოვნებლივ წერილობით დააფიქსირა, სადაც აღნიშნულია, რომ  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა, ყველა ის პირი კი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.

მსგავსი თემები