„ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტი გადაიქცევა ბაზრად და დაიწყება ხმებით ვაჭრობა“ – ვახტანგ ხმალაძე

„არასტაბილურობა ცუდად მოქმედებს ქვეყანაზე, ქვეყნის განვითარებაზე, როგორც შიდა, ასევე გარე განვითარებაზე. არჩევნები ნულოვანი ბარიერით კი სწორედ არასტაბილურობის საფუძველია“ – აღნიშნული განცხადება კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავაში“ გააკეთა.

როგორც კონსტიტუციონალისტმა და ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტში შესასვლელად, პარტიები სოკოებივით მომრავლდებიან.

„როდესაც საარჩევნო ზღურბლი არ არსებობს, დიდია ერთი მხრივ ცდუნება იმისა, რომ მოდი შევქმნი ახლა პარტიას და საკმაოდ ადვილია პარტიის შექმნა და 13 400 ხმას როგორ ვერ მოვაგროვებ, რომ პარლამენტში შევიდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც ნაწვიმარზე ამოდის სოკო, გარანტიას გაძლევთ, ასე სოკოებივით გაჩნდებიან პარტიები, რომელთა მიზანი ერთადერთი – 13400 ხმის მოგროვება და პარლამენტში მანდატის მიღება იქნება“ – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კონსტიტუციონალისტის განცხადებით, თუ მმართველი პარტიის შეთავაზება კანონიერ ძალაში შევიდა, პარლამენტი მანდატების ბაზრად გადაიქცევა: „ნულოვანი ზღურბლის შემთხვევაში, პარლამენტი შეიძლება გადაიქცეს მანდატების ბაზრად. იქნება ვაჭრობა ხმებზე და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ამიტომ არ ვარგა უბარიერო საარჩევნო სისტემა“ – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა „მედიაცნტრ მთავარში“.

მსგავსი თემები