2500 ლარის ზემოთ შემოსავალი 30%-ით უნდა იბეგრებოდეს – რეკომენდაციები პრემიერ-მინისტრს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გიორგი ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საჭიროა 100 ლარით გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასები და მთავრობამ, მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი გამონახოს. ამისთვის საჭიროა 2500 ლარის ზემოთ შემოსავალი დაიბეგროს 30%-ით, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

როგორც გიორგი ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდის დამტკიცებასთან ერთად, უნდა შემოვიდეს ახალი, პროგრესული საგადასახადო სისტემა.

“მთავრობას აქვს შესაძლებლობა სამი წლით განახორციელოს ეს ცვლილება. ეს გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლიდან ისევ დარჩეს 20 % -იანი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო იმის ზემოთ შემოსავლებიდან, საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 % . მაგალითად 2500 ლარამდე შემოსავალზე თუ დარჩება 20 %, 2500 ლარის ზემოთ შემოსავლები უნდა დაიბეგროს 30 % -ით, ეს მოგვიტანს დამატებით 500 მლნ ლარს. აქედან, 400 მლნ ლარი უნდა გაიწეროს რეგიონებში წარმოების მხარდასაჭერად, ხოლო 100 მლნ ლარი მოხმარდეს განათლების სფეროს, კერძოდ სკოლამდელი, სკოლისა და პროფესიული განათლების სფეროს მასწავლებლების ხელფასების მატებას, რომელთა ანაზღაურება დღეს, საჯარო სექტორის სხვა სფეროებში დასაქმებულთა ანაზღაურებასთან შედარებით ძალიან დაბალია. თუ ჩვენ გვინდა რომ ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა გვქონდეს, მთავარი რესურსია ადამიანური კაპიტალი, მარტო მაშინ მოვა ინვესტიციები”, – აცხადებს გიორგი ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, 2500 ლარამდე შემოსავალი ქვეყანაში დღეს დასაქმებული ადამიანების 91%-ს აქვს, მხოლოდ 5 %-ია მაღალი შემოსავლის მქონე.

“ამ თემაზე საუბარი გვქონდა პრემიერთან. მთავრობის დამტკიცებისას ამას შევთავაზებთ. ნოემბერში ბიუჯეტს მივიღებთ და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს პოლიტიკა გატარდეს. თუ არ გატარდება, ჩვენ პოზიციას მკაფიოდ და მყარად დავიცავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს გზა არის ის გზა, რომელიც მოგვცემს რესურსს ახალი ტიპის განვითარების ინსტრუმენტების შესაქმნელად. ეს არის კომპეტენტური მართვა. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელ მიმართულებას დაუჭირეს მხარს”, – აცხადებს დეპუტატი გიორგი ჟორჟოლიანი.

მისივე აზრით, ახალი მთავრობის მუშაობა მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ ის გამონახავს ფინანსურ რესურსს საექსპორტო პროდუქციის მხარდასაჭერად.

​დეპუტატის აზრით, ამ მიმართულებით უშუალოდ სამთავრობო ინვესტირება უნდა განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს გრძელვადიანი საბანკო სუბსიდირება, თუ შესაბამისი პოლიტიკის გატარება.

მსგავსი თემები