„25 წელის შემდეგ თავად აფხაზებიც აფასებენ რა რეალობა დაუდგათ“ – სიმონ ნოზაძე

„ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა – კონფლიქტიდან 25 წელი“ – აღნიშნულ კონფერენციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლებს, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძის ინიციატივით იმართება.

როგორც დეპუტატი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რეალობის გასააზრებლად საკმარისი დრო გავიდა და 25 წელის შემდეგ, თავად აფხაზებიც აფასებენ რა რეალობა დაუდგათ.

„25 წელი გავიდა და აფხაზებიც აფასებენ იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც აღმოჩდნენ – მამული, ენა, სარწმუნოება. მამული ნელ-ნელა იყიდება, ენას კარგავენ, სარწმუნოება დარჩათ, თუმცა, ამ მიმართულებითაც რთული რეალობა აქვთ. არადა, ჩვენთან, ქართველებთან ერთად შენარჩუნებული ჰქონდათ ენაც, მამულიც, კულტურაც, იდენტობაც, ტრადიციებიც და მათ საარსებო სივრცეს საფრთხე არ შექმნია. დღეს კი ამ საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. სწორედ არსებულმა საფრთხემ შეაფასებინა რეალობა სერგეი შამბას“, – განუცხადა სიმონ ნოზაძემ „მთავარს“.

დეპუტატი ომში დაღუპულ ყველა ოჯახის ტრაგედიას იზიარებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამავდროულად, აფხაზებს მიმართავს და ამბობს, რომ დასკვნები თავად უნდა გააკეთონ: „ საერთო ქვეყანაში ცხოვრების ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ამ ისტორიის მანძილზე ორი ერი ერთმანეთს ვეხმარებოდით და ერთად ვცხოვრობდით. დღეს კი აფხაზი ეთნოსი თვითგადარჩენის რეალობის წინაშე დგას. თუ აფხაზებად დარჩენა სურთ, ქართველებთან ეს უფრო შესაძლებელია, ჩვენი მეშვეობით გზა ღია აქვთ ევროპისკენ, ამერიკისკენ, თავისუფალი სივრცისკენ. სხვა შემთხვევაში სირია-ვანუატუ -ვენესუელისკენ მიექანებიან. თავად საკმაოდ კარგად აფასებენ, სხვებს უჭირავთ თუ არა თვალი მათ მამულზე. 25 წელი საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად“.

მსგავსი თემები