25 წლიან ისტორიაში, მართლმადიდებელ ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეას თბილისი უმასპინძლებს

 

25 წლიანი ლოდინისა და წინააღმდეგობების მიუხედავად,  მართლმადიდებელ ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა თბილისში გაიმართება. როგორც მართლმადიდებელ ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მედიაცენტრმთავარში“ განაცხადა, მართლმადიდებლური ქვეყნის დელეგაციას საქართველო 2019 წლის ზაფხულში უმასპინძლებს.

„საბერძნეთიდან კარგი ამბავი ჩამოვიტანე. იცით, რომ საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ანსამბლეის წევრი ქვეყანა. 25 წლის წინ დაფუძნდა ეს გაერთიანება. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ მართლმადიდებლური ნიშნით. შესაბამისად, 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, თბილისი გამხდარიყო გენერალური ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, თუმცა, ეს ვერ შევძელით. მიზეზი კი ის იყო, რომ  ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვბლოკავდა. ბევრი მუშაობის შედეგად დავძლიეთ ეს ბარიერი და ათენში ჩატარებულმა 25-ე გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება მორიგი ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა „მთავარში“.

დეპუტატი იმ ძირითად პუნქტებზეც ამახვილებს ყურადღებას, რითაც აღნიშნული ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ასამბლეა 2019 წლის ივნისში ჩატარდება და მონაწილეობას მიიღებს 25 ქვეყნის წარმომადგენელი. შვეიცარიის პარლამენტშიც კი არიან მართლმადიდებელი დეპუტატები. ჩემთვის ის ღირებულია რამდენიმე მიზეზით: 1. ქვეყნის ცნობადობა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება; 2. საშუალება მოგვეცემა კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ მართმადიდებლური და დემოკრატიული ღირებულებების თავსებადობა; 3. ეს არის  ძალიან კარგი პლატფორმა რუსეთთან სასაუბროდ. მოგეხსენებათ რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საქართველოს ტერიტორიული საზღვრები, თუმცა, რუსეთის ეკლესიამ არ დაარღვია საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრები. საერო საზღვრები დარღვეულია, კანონიკური, საეკლესიო საზღვრები კი არა. ეს ფორმატი კი სასაუბროდ ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები