თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 100 ძირი ჭადარი დაირგვება 

თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე 400 ძირი, 3 მეტრზე მაღალი აღმოსავლური ჭადრები, მაისის ბოლომდე დაირგვება. მათ შორის, ას ძირს, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დარგავენ.

როგორც “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, აღმოსავლური ჭადრები ასევე დაირგვება ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილი) 197 ძირი, ერისთავის ქუჩაზე – 5 ძირი, გურამიშვილი გამზირზე – 16 ძირი, მოსკოვის გამზირსა და ქეთევან წამებულის გამზირზე – 40 ძირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე – 21 ძირი, კოსტავასა და ვარაზის ხევის ქუჩებზე – 6 ძირი, ხოლო წერეთლის გამზირზე – 15 ძირი.

გამწვანების სამუშაოები, რომელსაც შპს “გამწვანება 2016“ ახორციელებს, 31 მაისამდე დასრულდება.

​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, სადაც კაპიტალურად მოწესრიგდა მწვანე თარგები,  გაისხლა ხეები, 1500 კვადრატულ მეტრის ფართობზე გამოიცვალა მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარეები, შეკეთდა შადრევნები და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგვება და  1000 კვადრატულ მეტრზე გამოიცვლება ბალახი.

​თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სფეროს სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავეს. კერძოდ, საუბარია ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფების მოვლისთვის ცალ -ცალკე ღონისძიებების განსაზღვრაზე, მათ ჯერადობაზე, განხორციელების პერიოდსა და ვადებზე.

“მომავალში სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქი მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალებისთვის“, – აცხადებს თბილისის მერი. 

მსგავსი თემები