მიაწვდინე ხმა ხელისუფლებას – დავით ჭიჭინაძემ სახალხო მოძრაობა “ტრიბუნა” დააფუძნა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ სახალხო ორგანიზაცია “ტრიბუნა” დააფუძნა.

ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს, 22 ივნისს გაიმართა, სადაც დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მისია და კონკრეტული გეგმები გააცნო.

დეპუტატის განცხადებით, „ტრიბუნა” თითოეულ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა, მისცემს საშუალებას, თავისი ხმა საქართველოს მთავრობამდე მიიტანოს.

“დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად დროული და საჭიროა, შევქმნათ ორგანიზაცია, რომელიც იქნება სრულიად სახალხო. მასში იქნება გაერთიანებული ყველა დარგის, ყველა ასაკის ადამიანი და პოლიტსაბჭო იქნება თუ მმართველი ორგანო, რომელსაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ, უნდა იყოს დაკომპლექტებული ყველა თაობის წარმომადგენლისგან, პრაქტიკულად უნდა მოიცავდეს ყველა იმ სფეროს წარმომადგებელს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამოცდილებამ გვაჩვენა, ვიწრო სპეციალობის პოლიტიკოსები, რომლებიც დომინირებენ ქართულ პოლიტიკაში, აბსოლუტურად ვერ ერკვევიან მომიჯნავე დარგებში, იმიტომ რომ ისინი არიან სპეციალისტები, მენეჯერები, როგორც მათ დღეს ეძახიან, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ჩვენს ქვეყანას ზუსტად პოლიტიკოსების დეფიციტი გააჩნია, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელმა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში სამართლიანად წარმოიშვა, ხელისუფლებამ არაადეკვატური პასუხი გასცა.

“დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რადგან მას წინ უძღვის ის ორი ძალიან მძიმედ გადატანილი დღე, რომელიც პარლამენტთან ვითარდება, ის პროტესტი, რომელიც ხალხში აბსოლუტურად სამართლიანად წარმოიშვა და მას ხელისუფლებამ არაადეკვატური პასუხი გასცა. ვფიქრობ, ამ დღეებმა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა.


რომ შევხედე ჩვენი ახალგაზრდების გუშინდელ გამოსვლას, დავრწმუნდი, რომ ჩვენს ერს ვერავინ ვერაფერს წაართმევს… გუშინ ახალგაზრდობა აპროტესტებდა, რომ საკუთარი ხელისუფლება მათ მოექცა როგორც დამპყრობელი და როდესაც მიხვდა რა შეცდომა დაუშვა, გადაწყვიტა ამ შეცდომის სხვაზე გადაბრალება. ახალგაზრდობა, რომელიც დღეს ქუჩაშია გამოსული, ითხოვს პატივისცემას, ითხოვს ღირსებას და ჩვენი ქვეყნისათვის იმ პატივის მიგებას, რასაც ის იმსახურებს. დღევანდელ ხელისუფლებას კი უნდა, რომ ეს ერთ დღეში ჩარეცხოს და გაატანოს მათ პირად ინტერესებს ეს ღირსეული ადამიანები.

სწორედ ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიულ, მეცნიერულ, კულტურულ მემკვიდეეობას, ჩვენ ღირსებას დაიცავს და შევძლებთ საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა იმ ადამიანს, ვინ შეეცდება ჩვენი ქვეყანა იმ გზას ააცდინოს, რომელზეც მრავალი ათათსი წელია მოვდივართ,”- განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა.

დავით ჭიჭინაძემ განმარტა, რომ საქართველოს 30 წლის განმალობაში, ზვიად გამსახურდიას გარდა, არ ჰყოლია ხელისუფალი, ვინც ხალხს დანაპირები აუსრულა.

“სამწუხაროდ, 30 წლის განმავლობაში ვერ მოვიყვანეთ ისეთი ხელისუფლება, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ერთადერთი ზვაიდ გამსახურდიამ შეგვისრულა დანაპირები, ის დაგვპირდა თავისუფალ ქვეყანას და ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 თვის თავზე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმის შემდეგ არც ერთი ხელისუფალი არ აპირებს დანაპირების ასრულებას.

სახალხო ტრიბუნა იმიტომ არის დღეს აქტუალური, რომ ხელისუფალთ ხალხის ხმა გავაგონოთ. ხალხი დღეს ისეთ მდგომარეობაშია, როგორც არასდროს ყოფილა საქართველოს მოქალაქე, არასოდეს ვყოფილვართ ისეთი შეურაცხოფილი როგორიც დღეს ვართ, არასდროს მოგვისმენია ისეთი განცახდება, როდესაც ხელისუფლებას ეთქვას ხალხისთვის, რომ წადით ამ ქვეყნიდან, სხვაგან უკეთესია ცხოვრება.

მე ვფიქრობ, ხელისუფალი რომელიც უძლურია შეუქმნას თავის ხალხს ღირსეული ცხოვრება, არ იმსახურებს ამ ქვეყნის მეთაურობას. ამიტომ დღევანდელი დღე, ამ ორგანიზაციის დაფუძნება, არის იმისკენ მიმართული, რომ ჩვენ, ყველა ერთად, შინაგანად გავთავისუფლდეთ იმ სტერეოტიპებისგან, რასაც თავს გვახვევენ და ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანმა კარგად გავაცნობიეროთ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის აღმშენებელი, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები