“ჩემი ომგამოვლილი შვილი ლამის პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მოძმემ მომიკლა” – პოლიციელის დედა

2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცის დედა ნინო ჯანხოთელი სოციალურ ქსელში აგვისტოს ცხელ დღეებს იხსენებს და იმ ემოციებზე საუბრობს, რაც მაშინ ერთადერთი ობლად გაზრდილი შვილის დედას დაეუფალა.

მისი თქმით, ომსგადარჩენილი ახალგაზრდა, უკვე პოლიციის თანამშრომელი, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ლამის საზოგადოების აგრესიის მსხვერპლი გახდა.

ჯარისკაცის დედა ახლა თანამემამულის მიერ თავგატეხილ შვილს სასთუმალთან უზის და უფალს მისი გადარჩენისთვის მადლობას სწირავს:

”როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჩემი ერთადერთი, ობლობაში გაზრდილი, ჯერ კიდევ პატარა, სულ რაღაც 18 წლის შვილი, ჯარში ახლად გაწვეული იყო და ქართლში მსახურობდა.

საშინლად დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა, ამბავს ვერ ვგებულობდი, ისიც ვერ გავარკვიე, იბრძოდა თუ თადარიგში იყო. საბედნიეროდ, უფრო სწორედ, საიღბლოდ, უფალმა ჩემსავით შეჭირვებულ დედებს შემახვედრა.

ათი დღის მანძილზე თითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვანუგეშებდით. გადავწყვიტეთ, უმძიმესი ლოდები შეგვება გულზე და მანამ გვეტარებინა, სანამ შვილები ცოცხლები არ დაგვიბრუნდებოდნენ. ( თურმე მეომრების დედები იქცეოდნენ ასე, მეორე მსოფლიო ომის დროს). თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მძიმე ლოდის ზიდვას შევძლებდით…

თქვენ წარმოიდგინეთ, ათივეს შვილები ცოცხლები დაგვიბრუნდნენ. საღები, ნაკაწრიც რომ არ ჰქონდათ, სალამათები. მერე გვიყვებოდნენ, რაღაც სასწაულმა გადაგვარჩინაო.

სხვების არ ვიცი, მე კი ჩემი სასწაულის მომხდენი დიდი ქვა სათუთად შევინახე და უფალთან ერთად, ყოველდღე ვმადლობდი და ვეფერებოდი. ამის შემდეგ ათი წელი გავიდა. ჩემი დედისერთა დიდი კაცია უკვე (ამ სიტყვის ყველა გაგებით), თბილისში პოლიციაში მუშაობს, ცოლ-შვილიც ჰყავს. დიდი ქორწილი გადავუხადეთ, დაფასებულია ისე, როგორც გმირებს შეეფერება…

წუხელ ტელევიზორს ვუყურებდი, დავინახე, პოლიციის მანტიით კორდონში იდგა. მიტინგზე გამოსულ ხალხს წყალს ურიგებდა, ისიც დავინახე, ვიღაცამ აგრესიული ცემა რომ დაუწყო არმატურის მსგავსი საგნით, გული შემეკუმშა, შევშინდი (ისე როგორც მაშინ) ჩემი ომსგადარჩენილი, ვაჟკაცად გაზრდილი შვილი ვინმემ არ მომიკლას-მეთქი.

სასწრაფოდ გამოვიღე ჩემი ლოდი, ისევ დავიკიდე გულზე და უფალს ვედრება დავუწყე. ამჯერად გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა იგი.

ქალაქში ვერ წამოვიდოდი, გვიანი იყო, სანამ ნათესავი მომაკითხავდა, ტელევიზორთან ვიჯექი და ჩემი ორი დასავსები თვალით ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ წიხლებს ჩემს ვაჟკაცს, როგორ შეეკრა სუნთქვა,როგორ მოხადა ჩაფხუტი ვიღაც მადლიანმა, როგორ ამოითქვა სული.

საბედნიეროდ, ამჟამადაც გადამარჩინა უფალმა და ჩემმა ლოდმა. ახლა საავადმყოფოში სასთუმალთან ვუზივარ ჩემს თავგატეხილ და თვალებდალილავებულ შვილს, ცალი ხელით მას ვეფერები, მეორით, გულზე დაკიდებულ ლოდს.

არ ვიცი, სახლში რომ დავბრუნდები, საერთოდ მოვიხსნი თუ არა მკერდიდან. მგონია, ჯობს სულ გულზე მეკიდოს, ასე მირჩევნია, უფრო დამშვიდებული ვიქნები. თანაც, უკვე უფალივით შემიყვარდა,”- წერს ნინო ჯანხოთელი.

მსგავსი თემები