გიგი უგულავა: თუ გახარია მივა თავის უწყებაში გამოკითხვაზე, მაშინ მეც მივალ

“მე მივალ საჯარო სასამართლოს დაკითხვაზე, სადაც მივცემ ჩვენებას, როგორ უმსგავსო, საზიზღარი საშინელება და დანაშაული ჩაიდინა გახარიამ, ივანიშვილის დავალებით”, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ, ჟურნალისტებთან, შს სამინისტროს მიერ გამოკითხვაზე დაბარების საპასუხად განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი მოვლენები გიორგი გახარიას უშუალო ბრძანებით მოხდა და გამოკითხვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ შს მინისტრსაც დაიბარებენ.  

“განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი ყველაფერი. მე, ივანიშვილისა და გახარიასგან განსხვავებით, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, მაგრამ მივალ საჯარო სასამართლოს დაკითხვაზე, სადაც მივცემ ჩვენებას, როგორი უმსგავსო, საზიზღარი საშინელება და დანაშაული ჩაიდინა გახარიამ, ივანიშვილის დავალებით.

მივიღებ იმ სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობას, რომელიც არის საჯარო. თუ გახარია მივა თავის უწყებაში გამოკითხვაზე, მაშინ მეც მივალ, მაგრამ სასამართლოში მივალ, სადაც დაწვრილებით მოვყვები იმ უმსგავსობის შესახებ, რაც ჩაიდინა გახარიამ და რაც ჩაადენინა ამ საცოდავ პოლიციელებს,”- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, სიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და ყველა ის ადამიანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც გუშინ რეზინის ტყვიებს ისვროდა.

„საქართველოში უნდა დასრულდეს ერთი ტენდენცია, მინისტრებს ვიჭერთ, შინაგან საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინეს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის კოლექტიური, ინდივიდუალურია, ამიტომ ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, ვინც გუშინ ტყვიებს ისროდა, ვინც საზიზღრობას ჩადიოდა, მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში აუცილებლად მივცემთ, რადგან უნდა დასრულდეს დრო – „მე არაფერ შუაში ვარ, დამავალეს“. რას ჰქვია დაგავალეს, რობოტი ხარ?

მე მივალ მაგისტრ მოსამართლესთან, მივალ სასამართლოში და მოვყვები იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე. ვნახე საშინელება ჩადენილი ჩემს სახელმწიფოში, მთავრობის მიერ.

მოკლედ, გუშინდელი გავრილოვის ღამის ორგანიზატორი, დამრბევი და დამნაშავე არის გახარია და ბიძინა ივანიშვილი.

როგორც უნდა ისე გადაიტანონ, დამიჭირონ, ამ მთავრობამ უკვე ორჯერ დამიჭირა, მესამედ დამიჭერს თუ მეოთხედ, საერთოდ არ მაინტერესებს. მე ამ ბრძოლაზე უარს არ ვიტყვი, განსაკუთრებით გუშინდელი საშინელი ღამის მერე, გუშინდელი ამ საშინელების მერე, გახარიას საფლავამდე ჩავყვები და სისხლისსამართლის პასუხისგებაში მივცემ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ  „მოლოტოვის“ კოქტეილების დამზადების ფაქტზე, ერთია პირია დაკავებული, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე, შსს გამოკითხვაზე იბარებს.

მსგავსი თემები