მექსიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება

მექსიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მუხრან ვახტანგაძემ, მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, ბერნარდო კორდოვა ტელოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-მექსიკას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტები დასახეს. მექსიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე, მისი ქვეყნის პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის თაობაზე, დააფიქსირა.

ბერნარდო კორდოვა ტელოსმა აღნიშნა, რომ მექსიკა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულია, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ დღის წესრიგში დგას თბილისში მექსიკის საელჩოს გახსნა და მექსიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის საკითხები.

მისივე განცხადებით, აღნიშნული თემები მექსიკაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება, კიდევ უფრო გააქტიურდება. მანვე პირველ სექტემბერს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, საპარლამენტო დელეგაცია მეხიკოში მიიწვია.

მუხრან ვახტანგაძემ, მექსიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მექსიკის დაინტერესებას, ქართული მხარე მიესალმება და მზად არის ხელი შეუწყოს მექსიკელი და ქართველი ბიზნესმენების კომუნიკაციას.

ბერნარდო კორდოვა ტელოსი დიპლომატიურ საქმიანობას თურქეთის დედაქალაქში ეწევა და საქართველოს საკითხებს ანკარიდან ფარავს.

მსგავსი თემები