“მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა” – კახა კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძეს განცხადებით, რუსული დელეგაცია საქართველოს დატოვებს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა აღარ ჩატარდება.

კახა კალაძის განმარტებით, დაუშვებელი იყო, საქართველოს პარლამენტში, რუსი დელეგატის სპიკერობით, ფორუმის ჩატარება. მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა, “ქართული ოცნების” გუნდს დარტყმა მიაყენა. 

“რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად-, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით. დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა.

კახა კალაძე, ორგანიზატორებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და განუმარტონ, რა რატომ და როგორ მოხდა.

მსგავსი თემები