5 მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უვადოდ დანიშნული გიორგი მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოში არ უნდა გამწესდეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ  გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა უვადო მოსამართლედ 2047 წლამდე. ახლა კი მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით, რომელიც მისმა კანდიდატობამ გამოიწვა, ცდილობს, გაიკვლიოს გზა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს ამავე ვადით“ – აცხადებს ჯანეზაშვილი და 5 პუნქტს შემდეგი გარემოებებით აყალიბებს:

1.    გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს, რომლის ვალდებულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით. ეს სტატუსი მას სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

2.    გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომელიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. ცხადია, ეს სხვა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

3.    გიორგი მიქაუტაძე ვალდებულია კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოაწეროს შესაბამის ოქმს, კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას. მის კანდიდატად დარჩენის შემთხვევაში იქმნება ჩიხი, რაც აზიანებს მთლიანად შერჩევის პროცესს.

4.    გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულოდ დადგენილი 3 რეკომენდატორისა, განახცადში მიუთითა 2, რის საფუძველზეც მას არ უნდა გადაელახა პირველი ეტაპი. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი კანიდადატის სტატუსით შემდგომ საფეხურზე დარღვევით გადავიდა.

5.    გიორგი მიქაუტაძემ 7 ივნისის სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და სხდომის თავმჯდომარედ აირჩია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს.

მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს. ამიტომ მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის, და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა“ – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს იმართება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის მიზნით. ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე,  139 კანდიდატიდან გადადის 50 საუკეთესო შედეგის მქონე. ამის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე სიის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყება კანდიდატების მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.  

მსგავსი თემები