„თუ სერგეენკო კარგად მუშაობდა განახლებასაც კარგად გააკეთებდა, თუ ასვენებდნენ, საერთოდ უნდა დაესვენა და არა მრჩევლად“

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, „სოციალ-დემოკრატ“ გია ჟორჟოლიანისთვის ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შეცვლა გაუგებარი, აუხსნელი და დაუსაბუთებელია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, თუ მინისტრს დასვენება უნდოდა და ეს ინიციატივა მართლაც მისგან მოდიოდა, დასვენება არ ნიშნავს, მრჩევლად გადაყვანას.

„ვინც მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზებიც უნდა განმარტოს. ის მიზეზები, რომლებიც წარმადგინეს, გაუგებარია და ცვლილების მოტივაცია საერთოდ არ ჩანს. განახლება საჭიროა, მაგრამ თუ კარგად მუშაობდა, განახლებასაც კარგად გააკეთებდა. ქობულიას და კვირიკაშვილის შემთხვევაში გასაგები იყო, სერგეენკოს შემთხვევაში, კი გაუგებარია. მთავრობა, არასაკმარისად და არამკაფიოდ განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მთავრობის სისუსტეზე მიუთითებს. მთლიანად, პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო. მით უმეტეს, გაუგებარია, ამ პოლიტიკაში ყველაზე უფრო აღიარებული და მაღალ რეიტინგული მინისტრის ცვლილება“- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, დამაჯერებელია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ ეს თავად მისი სურვილი იყო და მან შესთავაზა პრემიერს ცვლილება, ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ ბევრი რამ აუხსნელი და ბუნდოვანია: „მისი მოთხოვნა შეიძლება ყოფილიყო წასვლა, მაგრამ ეს სურვილი გაჩნდა ალბათ იმიტომ, რომ ვერ დაინახა ამ სისტემაში თავისი ფუნქცია. თუ დასვენებაზე იყო საუბარი, საერთოდ უნდა დაესვენა და დასვენება მრჩევლად გადასვლას არ ნიშნავს“.

დეპუტატმა დავით სერგეენკო მაღალ რეიტინგულ მინისტრად შეაფასა.

მსგავსი თემები