საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ლგბტ პრაიდზე იმსჯელეს  

საქართველოს საპატრიარქოში, ლგბტ თემის კვირეულთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ერთადერთი საკითხი, რაც შეხვედრაზე განიხილეს, ლგბტ პრაიდი სა დაპირისპირების საფრთხე იყო.

როგორც საპატრიარქოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ და ეს მსჯელობა კიდევ გაგრძელდება. ვიმსჯელეთ, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს,  როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დაძაბულობისა და შფოთის საშიშროება არსებობს. სახეზეა რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება და ეს საზოგადოებაში იწვევს შფოთს. ეს ყველას გვეხება და ყველას გვაწუხებს, არა ხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას“ – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.  

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას.


“საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც,”- ვკითხულობთ საპატრიარქოს  განცხადებაში.

რაც შეეხება მუსლიმთა სულიერ ლიდერს, როგორც შეიხმა აღნიშნა, შექმნილი ვითარება მათთვისაც შემაწუხებელია: „პრაიდთან  დაკავშირებული მოვლენები გვაწუხებს ჩვენც, რადგანაც ის ეწინააღმდეგება ჩვენი რელიგიის იდეოლოგიას. სხვა, ტრადიციული რელიგიების აზრიც  ჩვენს აზრს ემთხვევა. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ამაზე მომდევნო შეხვედრისთვის ჩამოვყალიბდებით“.

შეგახსენებთ, რომ შექმნილი დაძაბული ფონის მიუხედავად, ლგბტ თემი კვირეულის ჩატარებაზე უარს არ ამბობს და აცხადებენ რომ არ დათმობენ.    

მსგავსი თემები