კომპანიებში შრომითი პირობების შესამოწმებლად მონიტორინგი დაიწყება

პირველი ივლისიდან, თბილისის მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ.  

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმებს, ზედამხედველი გააკონტროლებს.

„მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიზნით, რეგულაციებიც კი გავამკაცრეთ, რათა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობა. მშენებლობაზე ჩაფხუტების გარეშე, ან მაღალ სართულებზე შესაბამისი დამცავი თოკის გარეშე მუშაობის შემთხვევები ყოფილა. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც ამ ყველაფერს უსაფრთხოების მიმართულებით გააკონტროლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2018 წელს მიიღო. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

სამუშაო შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სხვები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები