ინტერნეტ თამაშის კიდევ ერთი, 14 წლის მსხვერპლი ისევ კომაშია – „ლურჯი ვეშაპი“ დაბრუნდა

14 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. გოგონა, სავარაუდოდ, ინტერნეტ თამაშის მსხვერპლი გახდა. ექიმების დასკვნით, მან ინტოქსიკაცია მიიღო, თუმცა, პრეპარატი, რომელმაც გოგონა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, არავინ იცის, გარდა იმ ჯგუფის წევრებისა, რომლებმაც გოგონა ჯერ კიდევ დაუდგენელ ქსელში ჩართეს.

გათიშული და მომაკვდავი მოზარდი სახლში დედამ ნახა. ის მერვე კლასის მოსწავლეა. ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები ეჭვობენ, რომ საქმე სახიფათო ინტერნეტ თამაშებთან აქვთ, რადგანაც, გოგონა ბოლო პერიოდში ინტერნეტს მიეჯაჭვა, საკმაოდ შეიცვალა და არაადექვატურიც იყო.

გოგონა სიცოცხლეს თემქაზე, „პრივატ კლინიკაში“ ებრძვის. როგორც გოგონას დედა იხსენებს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის საკმაოდ ჩაკეტილი იყო, დამოკიდებული იყო ინტერნეტ თამაშებზე, რომელსაც მშობლებს უმალავდა. „დეპრესიული გახდა, ეშინოდა, მეკითხებოდა შენ რამე ხომ არ დაგემართება, მე ხომ არ მოვკვდები-ო,“ – იხსენებს დედა.

გოგონას მამის თქმით კი შეუძლებელია ბავშვის კომიდან გამოყვანა იმ ფონზე, როცა ამ დრომდე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რითია ბავშვი მოწამლული.

სამართალდამცველებმა გოგონას მობილური ტელეფონიც წაიღეს, თუმცა, ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს, რადგანაც, ბოლო თვის ყველა სმს შეტყობინება და სატელეფონო ზარი წაშლილია. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ტელეფონი ისე პროფესიონალურადაა გასუფთავებული, მიმოწერებისა და ზარების აღდგენაც კი შეუძლებელია.

როცა 14 წლის გოგონა 112-მა კლინიკაში შეიყვანა, მას გული ჰქონდა გაჩერებული. ოპერაციის შედეგად კი გულის მუშაობა აღდგა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

„გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.








მსგავსი თემები