თბილისში, 13 ივნისის სიმბოლო, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება დაიდგმება

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების  ესკიზები წარუდგინა.

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.

„ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით  ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში. დღეს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ჟიურის შეფასება. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ იმსჯელოს და შეჯერდეს კონკრეტულ ნამუშევარზე. ორშაბათს გახდება ცნობილი,   თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული,”-განაცხადა სოფო ხუნწკარიამ.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  13 ივნისის სიმბოლო, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება, სავარაუდოდ ზოოპარკის მიმდებარედ განთავსდება.

რაც შეეხება განთავსების ადგილს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სავარაუდოდ, განთავსდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება, ამაზე კომისიის მუშაობის შედეგებს ველოდებით.

ჰიპოპოტამ  „ბეგის“ სკულპტურა თბილისში  2020 წლის 13 ივნისს განთავსდება.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.

მსგავსი თემები