პროექტის დახურვა – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

ზუგდიდის ტექნოპარკში, ქართველი მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და სიმბოლურ ფასად შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები – სამკაულები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და გაყიდული ნივთებისგან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ეკა დანელია პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ის სოხუმიდან დევნილია და ამჟამად ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში მშობლებთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ეკა სამი თვე პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ხელსაქმეს სწავლობდა და დღეს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია პოლიმერული თიხით გაფორმებული აქსესუარების გაკეთება. „ხელსაქმე ყოველთვის მომწონდა. პროექტში ჩართვამდე დაძველებული ხის მასალებით სანათებს ვაკეთებდი, ბისერებით ვქარგავდი, ამიტომ პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში დამოუკიდებლად დავიწყე თმის სამაგრების, გულსაკიდების და ჭიქების გაფორმება. დღეს სვანეთის სიმბოლოებით გაფორმებული ჭიქები მესტიაში, სუვენირების მაღაზიაში იყიდება. მომხმარებლები ფეისბუქითაც მიკავშირდებიან და ნაწარმის რეალიზებას ამ გზითაც ვახერხებ“, – ამბობს ეკა დანელია.

პროექტში ჩართული იყო 40-მდე ახალგაზრდა გოგო, რომლებიც სხვადასხვა ხელსაქმეს – სუტაჟი, პოლიმერული თიხა, ბისერებით ქარგვა, გამოყენებითი ხელოვნება – 4 თვის მანძილზე ეუფლებოდნენ. პროექტი ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც განხორციელდა. ქართველ და აფხაზ ახალგაზრდა ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებისა და სკაიპს დახმარებით ჰქონდათ, რომლის დროსაც ერთმანეთს გამოცდილებას, გაკვეთილებზე მიღებულ შთაბეჭდილებასა და ცოდნას უზიარებდნენ.

ნათია ჭანკვეტაძე, პროექტის მენეჯერი: „პროექტს აქვს გრძელვადიანი შედეგი. ჩვენ ამ პროექტს მეორე წელია ვახორციელებთ. ჩვენი მონაწილეები პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას. მათ დააფუძნეს ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისათვის“, სადაც მუდმივმოქმედი სახელოსნო ახალგაზრდა გოგონებს სხვადასხვა ხელსაქმეს შეასწავლის. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხელსაქმის ჯგუფებში ჩართულმა გოგოებმა დაამყარეს კომუნიკაცია, რომელსაც მომავალშიც გააგრძელებენ“.




მსგავსი თემები