მოგლეჯილია ხეები, დატბორილია სახლები – სტიქიის შედეგი

ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისის რამდენიმე უბანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მოგლეჯილია ხეები, დატბორილია სახლებისა და კორპუსების პირველი სართულები, დაზიანებულია მანქანები. საგანგებო გადაუდებელი დახმარების ჯგუფები წუხელ, მთელი ღამე გამოძახებებზე მუშაობდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, თბილისში სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შემოვიდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გამოიწვია გზის ჩახერგვა. წვიმის შედეგად დაფიქსირდა ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინეს“ – აცხადებენ სამსახურში.

რაც შეეხება რეგიონებს, ძლიერმა წვიმამ შიდა ქართლიც დააზარალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ 25 შეტყობინება შემოვიდა: „ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ეზოები. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოშალა ქვიშა. შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა.

შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ეკიპაჟი. ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა.

ამ დროისთვის თითოეული მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს“.







მსგავსი თემები