ბავშვებით ვაჭრობისთვის დაკავებულის შვილები უკრაინაში პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდნენ

უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის შვილების საკითხი უკვე მოგვარებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელინსკიმ ბავშვების საქართველოდან უკრაინაში დასაბრუნებლად საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა, რომელსაც, უკრაინიდან პრეზიდენტის წარმომადგენელის ხელმძღვანელობით, სპეციალური დელეგაცია ჩამოჰყვა.

ათივე ბავშვი უკვე უკრაინაშია. ისინი საკუთარ სახლში არიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ერთადერთი, რასაც ამჯერად დაკავებული ოჯახი ითხოვს, ბავშვების დედის, იულიას გათავისუფლებაა.

როგორც პრეზიდენტ ზელინსკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნიკალაი კულევმა აღნიშნა, ამ ისტორიაში რაღაც გაუგებრობაა, თუმცა, ის, საქართველოს ხელისუფლებას ბავშვების დაბრუნებისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან მარტივია ამ ისტორიაში დაბნევა. გვესმის, საქართველოს ხელისუფლება რატომ ააფორიაქა სიტუაციამ. მათ დაადგინეს, რომ 10-დან 6 ბავშვი 2-წლამდეა, ერთი ამერიკის მოქალაქეა და გაუჩნდათ გარკვეული ეჭვები. იფიქრეს, რომ შესაძლოა, ბავშვებით ვაჭრობასთან გვქონოდა საქმე. მადლობელი ვართ, რომ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ, ადგილი ჰქონდა მათ მოწამვლასაც და საკმაოდ სწრაფად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკალაი კულევმა.

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ბავშვები სუსლიაკების სახლში, ბებიებთან არიან, მათ ჰყავთ ძიძებიც და უკრაინის სახელმწიფო მათზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს.

სუსლიაკებთან დაკავშირებული საქმე საქართველოში ამით არ სრულდება. შემდეგი ეტაპი, იულია სუსლიაკის გამართლება და საკუთარ შვილებთან უსაფრთხოდ დაბრუნებაა.

„მედიაცენტრი მთავარი“ შემოგთავაზებთ შემდეგ მასალას, თუ რა პირობებში ცხოვრობენ სუსლიაკები უკრაინაში.

მსგავსი თემები