„ბავშვებთან ანტინარკოტიკული კამპანია თუ არ დავიწყეთ, სისტემა წარმატებული ვერ იქნება“ – ლაშა კილაძე

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების კუთხით, საქართველოში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. ნარკოტიკების მოხმარება იზრდება, საპრევენციო ანტინარკოტიკული კამპანია კი დღემდე არ დაწყებულა.

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ეს თემა დღესვე უნდა დავიწყოთ და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა მივიდეთ ბავშვებთან.

„ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო აქტივობა, პრევენცია-პროფილაქტიკის აუცილებელი ნაწილია. სახელმწიფოს მოვალეობაა უფრო გავაქტიურდეთ და მაქსიმალურად მობილიზიბულები ვიყოთ. ეს არის ძალიან დიდი პირამიდის მწვერვალი. ანტინარკოტიკული სისტემის დამუშავება, მარტივი პროცედურა არ არის. ეს არის დროში გაწერილი პროცედურა. ის, რომ, დღესდღეობით ნარკოტიკების მოხმარება იზრდება, ფაქტია. დღესვე უნდა დავიწყოთ ეს თემა და დავიწყოთ მაქსიმალურად ადრე ბავშვებთან. საგანმანათლებლო აქტივობა, პრევენცია და პროფილაქტიკა არის წარმატებული ანტინარკოტიკული სისტემის ქვაკუთხედი და საფუძველი. ამის გარეშე წარმატებულ სისტემაზე საუბარი არ შეიძლება“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, თუ საგანმანათლებლო, პროფილაქტიკური და პრევენციული აქტივობები არ გვექნება, მხოლოდ დაავადებების წინააღდეგ ბრძოლა ეფექტური ვერ იქნება. მისივე ინფორმაციით, პოლონეთის სახელმწიფოს დაფინანსებით, სპეციალური ლიტერატურაც მომზადდა და კადრებიც: „პრევენციული პროგრამა „კომპასი“, ეს არის პროექტი, რომელსაც პოლონეთის სახელმწიფო უწყება – ანტი ნარკოტიკული ბიურო აფინანსებს. მის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და პროფესიული თემის წარმომადგენლებთან ტრენინგები ჩატარდა. პროფესიული თემის გარეშე, ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი მცდელობა იქნება მხოლოდ კეთილი სურვილები. მომზადებულია 10 პედაგოგი და ფსიქოლოგი, რომლებიც სკოლებში ბავშვებთან და მშობლებთან იმუშავებენ.“

ლაშა კილაძემ ის ლიტერატურაც წარმოადგინა, რომელიც 10 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებზე გათვლილი. მისივე თქმით, ეს არის ევროკავშირში ადაპტირებული სისტემა, რომელიც მორგებულია ქართულ რეალობაზე.

„ძალიან ბევრმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო ამ პროგრამაში. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრენერების გადამზადება, რის შემდეგაც, პარტნიორების დახმარების გარეშე, ისინი ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას შეძლებენ“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .

მსგავსი თემები