144-დან 50, 50-დან კი 20 – მოსამართლეობის მსურველთა გაცხრილვა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების გასაცხრილად ემზადება. სიტყვა „გასაცხრილად“ შესაძლოა, გადამეტებულიც იყოს, რადგანაც, როგორც არასამთავრობოები, ისე ექსპერტები და პოლიტიკოსები აცხადებენ, პარლამენტში წარსადგენ და შემდგომში დასამტკიცებელ მოსამართლეთა სია უკვე არსებობს და ის პარლამენტთან შეთანხმებულია კიდეც.

ერთ-ერთი, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას სამუდამოდ მოისხამს, ამჟამინდელი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. 144 კაციანი სიიდან, პირველ ეტაპზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. 50 კაციანი სია კი 20-მდე უნდა დავიდეს, ამის შემდეგომ კი ჯერი პარალამენტზეა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, შალვა თადუმაძე შესანიშნავი რეპუტაციის მქონე ადამიანია და არც ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე.

„მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს. წლების მანძილზე, იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო გამოცდილება. ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი, მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შალვა თადუმაძის გენ. პროკურორობას და პარალელურად, მოსამართლეობისთვის მზადებას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც არიან დღეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობებზე არიან. ისევე როგორც უამრავმა სხვა პირმა, რომელიც წარმოდგენილია საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის არაერთი მოსამართლეა მონაწილე ამ შერჩევის. თეორიულად იქაც შეიძლება საუბარი ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა რეალურად ამას მყარი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში და ეს არის მთავარი მიღწევა, რომელიც ასახულია კანონში“ – აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა არჩევანი და კონკურენცია დიდია. კერძოდ, საუბარი 144 ადამიანზე, რომელთაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გამოთქვეს. ზოგიერთი მოსამართლის ინფორმაციით კი მათ არც ჰქონდათ ამ სიაში მოხვედრის სურვილი, თუმცა, განაცხადი სწორედ თვალსაჩინოებისთვის შეატანინეს, რომ მაღალი კონკურენცია დაფიქსირებულიყო.

რაც შეეხება სიაში მოხვედრილ სხვა მოსამართლეებსა თუ არამოსამართლეებს, მათ შორის არიან როგორც ცნობილი, ისე უცნობი სახეები. ჩამონათვალშია საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც. ცნობილ და ცნობად სახეებს მიეკუთვნებიან: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე და სხვები.

მსგავსი თემები