144-დან ერთი უკვე შერჩეულია, შალვა თადუმაძე პროკურატურას ტოვებს და უვადოდ, უზენაეს სასამართლოში მიდის

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის საკითხი გადაწყვეტილია. მას პროკურორობა უკვე აღარ სურს და უვადო მოსამართლეობისთვის ემზადება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ წყარომ განუცხადა, შალვა თადუმაძის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის უზენაეს სასამართლოში გადავა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 კანდიდატს სურს. მათ შორის არიან არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეც კი. სიაში შედიან გახმაურებული საქმის მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, დიანა ბერეკაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე და სხვები.

ის მოსამართლეები, რომელთაც უზენაესი სასამართლოს წევრობაზე განაცხადი არ გაუკეთებიათ, ხუმრობენ კიდეც, რომ სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის რეკომენდატორებიც კი არ დარჩნენ და ამიტომ, თითქმის ყველა მოსამართლეს ერთიდაიგივე რეკომენდატორი ჰყავს.

იუსტიციის საბჭოდან, პროცედურები პარლამენტში გადავა, სადაც, 18 ვაკანტური პოზიციაზე, მოსამართლეთა გრძელი სიიდან ყველაზე ღირსეულები უნდა აარჩიონ. წარდგენილი სიიდან, არასამთავრობო სექტორისთვის ყველაფერი ცხადია, როგორც ისინი აცხადებენ, 18 უვადო მოსამართლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მათ შორის, პირველი, ვინც მოსამართლის სავარძელს მოერგება, შალვა თადუმაძე იქნება.

შალვა თადუმაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.

„ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი შემდგომი პროცედურები საქართველოს პარლამენტში გადადის. სწორედ პარლამენტმა, კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს 18 მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ვენეციის კომისიამაც გამოსცა, სადაც საუბარია, რომ პარლამენტმა არ იჩქაროს და მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

მსგავსი თემები