დაკავებულ „ტვინებს,“ შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმონ

„ტვინების ომი“ – ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ქართველ ლიდერებს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი არ გამორიცხავს, ასე მოხდეს, რადგანაც ასეთ „ტვინებს“ და ასტრალში გასულებს კი არ აკავებენ, პირიქით იყენებენ.

საუბარია კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფებაზე, რომელმაც, მსოფლიო მასშტაბით, ევროპული და ამერიკული, 41 საბანკი ანგარიშიდან მილიონობით დოლარი მოხსნა.

ამერიკელი ფედერალების დახმარებით, რომლებიც საქართველოში საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ, საქართველოს 2 მოქალაქე ალექსანდრე კონოვალოვი და მარატ კაზანჯიანი დააკავეს.

დაკავებული კონოვალოვის ადვოკატმა ბესიკ ქარცივაძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ის სქემაზე ისაუბრა, რასაც დაკავებულები იყენებდნენ, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მსგავსი ტიპის ორგანიზებული დანაშაულის გახსნა თითქმის წარმოუდგენელია.

„ფიშერი“, „გოზმენი“, „კრიპტერები“„ჯაბები,“ „სპამერები,“ „დროპერები“ – ეს ის ჩამონათვალია, რაც კიბერდანაშაულის საქმეში იყო ჩართული.

კერძოდ, როგორც ადვოკატმა განმარტა, „ფიშერი“ – ავტორიზაციის უნებართვო გამოყენებას ნიშნავს, „გოზმენი“ – ჰიბრიდულ ვირუსს, რომელსაც ჯგუფი იყენებდა, საქმეში „კრიპტერებიც“ მონაწილეობნენ, რომლებიც ვირუსს ამუშავებდნენ. ჯგუფი ერთმანეთს სპეციალურ ე.წ. ჰაკერულ ჰაკერულ ფორუმზე – „ჯაბებზე“ ხვდებოდნენ, სადაც ე.წ. ჰაკერები იყვნენ გაერთიანებულები. ვირუსის გამავრცელებლები კი „სპამერები“ იყვნენ. ბანკიდან თანხას „დროპერები“ ქეშად იღებდნენ და კრიპტოვალუტაში გადაჰქონდათ. კრიპტოვალუტა კი ელექტრონულ ანგარიშზე ირიცხებოდა.

ეს ის სქემაა, რომლითაც ტრანსნაციონალური, ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელი, ე.წ. „ტვინები“ მოქმედებდნენ. დამნაშავეები საბანკო ანგარიშებზე სწორედ მათ მიერ შექმნილი ვირუსის გამოყენებით აღწევდნენ.

როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, კაზანჯიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. სწორედ დაკავებულებზეა დამოკიდებული, გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, გაიყვანენ თუ არა ფედერალებს კვალზე.

ბესიკ ქარცივაძე სასამართლო პროცესის დახურვასაც არ გამორიცხავს. არც იმას, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდეს. დაკავებულებს დანაშაულის ჩადენას რამდენიმე მუხლით ედავებიან. ყველაზე დიდი სასჯელი კი, რაც მათ წარდგენილი ერთ-ერთი მუხლით ედებათ, 6-დან 10 წლამდე პატიმრობაა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები