„ობშიაკის ფული“ კოკა-კოლისა და ლობიანის ფულია და არა „ქურდული ობშიაკის“ – 51-ე სკოლის მშობელი

51-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მშობლები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სკოლაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რომელზეც სს საქმეა აღძრული, მეთორმეტე კლასელების გადაღებულ „ჰიმნს“ მოჰყვა, სადაც ე.წ. ქურდული მენტალობაა ნახსენები. 51-ე სკოლასთან დაკავშირებულ ხმაურიან თემაზე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს.

„ზედმეტ კუდებს ნუ მოაბამენ რაღაცეებს და ნუ გადააბრალებენ ბავშვებს ყველაფერს. რაც შეეხება ბავშვს, რომელიც კლიპში „ობშიაკის ფულზე“ საუბრობს, ის ძალიან წარჩინებული მოსწავლეა. ე.წ. ობშიაკის ფული, ფულის ამ გაგებით შეგროვებას არ გულისხმობს. საუბარია ლობიანის, ხაჭაპურისა თუ „კოკა-კოლას“ საყიდ ფულზე. სკოლიდან გარეთ ვერც ერთი ბავშვი გადის მანდატურის თანხმობის გარეშე, ამიტომ, ერთი ბავშვი უნდა იყოს კლასიდან არჩეული, რომელსაც ჩააბარებენ შეგროვილ ფულს და ის მოიტანს საკვებს“ – ასე ახსნეს მშობლებმა „ობშიაკის“ საკითხი „მედიაცენტრ მთავარში.

უფრო მეტიც, მშობლების განმარტებით, ისინი თავიანთ შვილებს გვერდში უდგანან და იმ ტერმინების გამოყენებაში მიუღებელს და პრობლემურს ვერაფერს ხედავენ, რაც მოსწავლეთა „ჰიმნშია“ გამოყენებული.

„სასაცილოა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა. რაც შეეხება კლიპს, თავდაპირველ ვერსიაში გამოყენებული იყო ორი სიტყვა – „ობშიაკის ფული“ და „საქმე მოგვარდა ქურდულად“, მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, როგორც საზოგადოებამ აღიქვა. „ჰიმნს“ გავრცელების შემდეგ, ძალიან დიდი ზეწოლა იყო. სკოლის ადმინისტრაციაც ითხოვდა მის მოხსნას. შემდეგ, ეს ორი სიტყვა შეიცვალა. ჩვენ კი კლიპის პირველი ვერსიის დატოვების მომხრე ვიყავით. პირველი ვერსია უფრო მეტ ფურორს ახდენს და ძალიან დიდი შთაბეჭდილება რჩებათ ხოლმე. პირველ ვერსიაში ვერანაირ კრიმინალურს და დანაშაულს ვერ ვხედავდით“ – აღნიშნეს კლიპში მონაწილე მოზარდების მშობლებმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ზეწოლას, მათ თავი შეიკავეს დაესახელებინათ, ვისგან მოდიოდა და რა სახის იყო ზეწოლა.

„იყო გარკვეული ზეწოლა. არ მინდა დავკონკრეტდე, ვისგან. დაპირისპირება იყო შიგნიდან. ეს ტერმინები ცუდად საერთოდ არ მხვდება და „ობშიაკის ფული“ რაღაც მომენტში მეც მქონდა გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი ადამინი იყენებს. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. სხვა მშობლების მხრიდანაც არ ყოფილა წინააღდეგობა. გაცილებით უარესი რაღაცეები იწერება“ – აღნიშნა მშობელმა რუსუდან ჩაჩანიძემ „მედიაცენტრ მთავარშო“.

მშობლები, ბავშვების ამხელა რეკლამებისთვის მედიას მადლობასაც კი უხდიან: „ყოველთვის ვცდილობ ბავშვებს ხელი არ შევუშალო არჩევანში. არც მიფიქრია, თუმცა ძალიან დიდი მადლობა მედიას რომ ამხელა რეკლამა გაგვიკეთა და ბავშვები გაცილებით უფრო პოპულარულები გახდნენ, ვიდრე უნდა ყოფილიყვნენ. როცა ატყდა ამხელა ამბავი, ავიღეთ კლიპი და დავაკორექტივეთ ორი სიტყვა. „ქურდული“ იყო ჩასწორებული და „ობშიაკი“ იყო ჩასწორებული“.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლაში ხმაური დამამთავრებელი კლასის მიერ გადაღებულ „ჰიმნს“ მოჰყვა, სადაც სკოლის მოსწავლეები ისეთ ტერმინოლოგიას უყენებენ, რომელიც „ქურდულ მენტალობასთანაა“ დაკავშირებული.

ამავე თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 
https://mcm.ge

მსგავსი თემები