“23 პირს, რომელსაც პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ეს სტატუსი უნდა მინიჭებოდა” – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ 23 პირს, რომელსაც პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ეს სტატუსი უნდა მინიჭებოდა. სოფო კილაძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს საქმიანობაში პარლამენტი ვერ ჩაერევა, მაგრამ პირადად ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, თუ რატომ უთხრეს კიდევ ერთხელ უარი, უწყების არგუმენტები არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მათ ადგილზე მივანიჭებდი დაზარალებულის სტატუსს. თუმცა, თუ გაასაჩივრებს საია, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროცედურები და ამ პროცედურების მიხედვით, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა. პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს და დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

მსგავსი თემები