6 მილიონიანი პროექტი მცხეთაში დღეს გახსნა – ჯანმრთელი ცხოვრება ნარკომანიის დასამარცხებლად

მცხეთას, მცხეთელებსა და საქართველოს კიდევ ერთი თანამედროვე, ძვირადღირებული, ჯანსაღი ცხოვრების განვითარების ხელშემწყობი პროექტი შეემატა. კომპლექსი, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა, 6 მილიონი ლარის ღირებულებისაა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მოემსახურება.

აღნიშნულ მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, საკუთარ გვერდზე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „პოსტს“ ავრცელებს და ამბობს, რომ ნარკომანიას ვერ დავძლევთ, თუ არა ჯანმრთელი ცხოვრება.

„სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი საცურაო აუზებით მცხეთელების მთავარი თხოვნა იყო. მე, მცხეთელებს დავპირდი რთული და ძვირადღირებული პროექტის განხორციელებას. ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი შედგა და მცხეთელების სანატრელი ოცნება ახდა. ამ კომპლექსს დიდი დატვირთვა ექნება უმთავრესი პრობლემების დასაძლევად. ნარკომანიას, რომელიც ესოდენ მძლავრობს განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვერც დაჭერებით და ვერც უკიდეგანო ლიბერალიზმით ვერ დავძლევთ. საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის მძლავრი პოპულარიზაცია და მისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. ეს კომპლექსი ამის რეალურ საშუალებას იძლევა. ასევე, კომპლექსი მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს უმასპინძლოს სხვადასხვა რეგიონული, ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ასპარეზობებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი მოსახლეობა უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი კარგი სიახლის მომსწრე გახდება“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მცხეთაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა. მისი მშენებლობა მაჟორიტარი დეპუტატის ერთ-ერთი დაპირება იყო. კომპლექსი მოიცავს პატარა და დიდ საცურაო აუზებს, სავარჯიშო მოწყობილობების დარბაზს, საგანმანათლებლო სივრცეებს, სპორტულ დარბაზს, სადაც შესაძლებელია კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის თამაში.

მსგავსი თემები