„დაძაბულობის ცენტრი, სავარაუდოდ, ზუგდიდი გახდება“ – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საარჩევნოდ, პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი ზუგდიდი იქნება.

„გუშინდელ დღემდე, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ, ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი სავარაუდოდ ზუგდიდი გახდება. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც ვიხილეთ“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მისივე შეფასებით, მიმდინარე დაძაბული პროცესის ნაწილია ოპოზიციის განცხადება, რომ ქალაქ ზუგდიდში, სხვადასხვა რეგიონიდან 5000 აქტივისტის მობილიზება ხდება.

„ჩვენთვის, ეს, დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ, ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს. ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, ყურადღება ზუგდიდისკენ მიაპყრონ.

„გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს, ვინაიდან ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს“ – აცხადებს ჩუგოშვილი.

მსგავსი თემები