კვიპროსში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

  •  

გუშინ, დაახლოებით 15:00-საათზე, კვიპროსში, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობა, შალვა სპიროვი შაქრის დიაბეტით არის დაავადებული და დაკავებიდან ამ დრომდე, სასმელი წყალიც კი არ მიუწოდებიათ.

„ჩემს მეუღლეს ბიძა გარდაეცვალა კვიპროსში და სამძიმარზე მიდიოდა. დააკავეს აეროპორტში, მესაზღვრეს უთქვამს, არ შეგიშვებთო. ბიძაშვილებს კი, ვინც მას აეროპორტში ხვდებოდნენ, უთხრეს, რომ უკანა ბილეთი წესრიგში არ აქვსო, არადა, უკანა ბილეთი ბიძაშვილებს ხელში ჰქონდათ, მათ აიღეს და 14-ში უნდა დაბრუნებულიყო. ამ ადამიანს აქვს შაქარი და ძალიან მაღალი საფრთხის შემცველია, შეიძლება, კომაშიც კი ჩავარდეს. არც საჭმელს აწვდიან და არც წყალს. ჩემი მეუღლის გარდა, იქ სხვებიც არიან დაკავებულები და ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ყველას ცუდად ექცევიან“, – განუცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ, ეკა კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს საერთოდ არაფერს ეუბნებიან, არც იმას, უკან აბრუნებენ, თუ რას უპირებენ. „კვიპროსში გავიგე საქართველოს საელჩოს ნომერი, თუმცა, როცა ვრეკავ, ბერძნულად მელაპარაკება და ვარაფერს ვიგებ. ერთია, როცა ადამინს ქვეყანაში არ უშვებენ, თუმცა, თუ არ უშვებენ ასე ცუდად რატომ ექცევიან ასეთი მოპყრობა ხომ არ უნდა იყოს. ჩემი მეუღლე არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი და დარღვევა არსად ჰქონია და გაუგებარია ასეთი მოპყრობა“ – გვითხრა დაკავაბულის მეუღლემ.

დაკავებული შალვა სპიროვი მხატვარია.

“მედიაცენტრი მთავარი,” ამ წუთებში ცდილობს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამატებითი ინფორმაცია მოიძიოს. მოპოვებული ინფორმაციით, ამ დრომდე, დაკავებულებთან არავინ მისულა.

მსგავსი თემები