„სტუმარი ზღურბლს რომ გადმოაბიჯებს, ის ქისტებისთვის არც ბანდიტია, არც ტერორისტი და არც კრიმინალი“ – ტერორისტ ჩატაევის საქმე

„როცა ადგილობრივი საზოგადეობის მენტალობას არ იცნობ, იქ სპეცოპერაციისთვის კი არა, გამარჯობის სათქმელადაც არ უნდა მიხვიდე“ – ამბობს მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას და 2017 წელს პანკისში, საერთაშორისო ტერორისტ ჩატაევის ხელშეწყობისთვის ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ სპეცოპერაციისას, საკუთარ საძინებელში მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილს საერთაშორისო ტერორისტის შესახებ არაფერი სცოდნოდა, თუმცა, იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც, ქისტები კრიმინალი იქნება თუ ტერორისტი, არაფერს ავნებდნენ.

„როცა მენტალობაზე ვლაპარაკობთ უნდა გაითვალისწინოთ კავკასიელი მთიელის და კერძოდ ქისტის მენტალობა. მასთან მოსული სტუმარი, მით უმეტეს ნათესავი, ზღურბლს რომ გადმოაბიჯებს, ის აღარც ბანდიტია, აღარც ტერორისტი და აღარც კრიმინალი. ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსენეთ, ზუსტად ანალოგიურია. დარწმუნებული იყავით, რომ პანკისის ხეობის ბევრი მაცხოვრებლისთვის ჩატაევი იქნებოდა თუ სხვა, ის იყო სტუმარი. მას რა ბიოგრაფია აქვს, არც აინტერესებთ. თუმცა, ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის მორალური მხარე, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მხარეც“ – აღნიშნა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, როცა პანკისში სპეცოპერაცია იგეგმებოდა ან იგეგმება, პირველ რიგში, გასათავალისწინებელია იქაური მენტალობა და ტრადიციები.

„როდესაც ასეთი ტიპის სპეცოპერაციას აწყობ, მითუმეტეს სპეციფიურ რაიონში, ჯერ მენტალობა უნდა იცოდე ანდგილობრივი საზოგადოების, ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ შემთხვევაში, ვის რა ტიპის შეკითხვა უნდა დაუსვა. როცა მენტალობას არ იცნობ, სპეციფიკას რეგიონის არ იცნობ, სპეცოპერაციისთვის კი არა, გამარჯობის სათქმელად არ უნდა მიხვიდე“ – განუცხადა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე – 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს. ტერორისტი, რომლის ხელშეწყობასაც სახელმწიფო დაკავებულებს ედავებოდა, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, “იარმუკის ბატალიონის” უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი იყო. სპეცოპერაციის ჩატარების პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი იყო. არსებული იფორმაციით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას. რამდენიმე დღის წინ კი სუს-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც თითქოს, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სოსო გოგაშვილზე ანგარიშსწორებისთვის მისთვის ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავს. აღნიშნულ საქმეზე, მალხაზ მაცალიკაშვილი სუს-ში გუშინ დაკითხეს. ის, ამ ეტაპისთვის, თავისუფალია.

მსგავსი თემები