„არ ვთვლი, რომ თემირლანი არაფრის აზრზე იყო, როგორც ამას მამამისი თვლის“ – მამუკა არეშიძე ჩატაევის საქმეზე

  •  

კავკასიის საკითხების ექსპრეტი მამუკა არეშიძე პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში მოკლეს. როგორც არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, სწორი არ არის, როცა თემირლან მაჩალიკაშვილი სულელად გამოჰყავთ, თითქოს, მან ჩატაევის შესახებ არაფერი იცოდა.

„პირველივე დღეებში, ხელისუფლებას ჰქონდა ყველა საშუალება, რომ პრობლემა არ დაემძიმებინა და ამ ვითარებამდე არ მიეყვანა საქმე. ვგულისხმობ, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის დღეს. არსებული მონაცემებიდან და მასალებიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელი იყო მხარეების დანაშაულის განსაზღვრა – როგორც ოპერაციის დამგეგმავის და ჩამტარებლის, ისე იმ ხალხის, ვისაც ბერი სალოსის ქუჩასთან (სადაც ჩატაევი იმალებოდა) რაღაც კავშირში იყო, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის. ზუსტად შეიძლებოდა ამის განსაზღვრა. ასევე, შეიძლებოდა იმის გამორკვევაც, ვინ დაუშვა შეცდომა და რატომ მოკლედ ეს ბიჭი“ – აღნიშნა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენეთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე – 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს. სწორედ შვილის მკვლელის დასჯის მოთხოვნით, იმ დროიდან დღემდე, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აცხადებს, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში ცხოვრობს და შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. გარდა ამისა, მისი მოთხოვნაა, სახელმწიფომ აღიაროს, რომ მისი შვილი ტერორისტი არ იყო.

როგორც მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, მომხდარი ფაქტი უზარმაზარი ტრაგედიაა, თუმცა, თემირლან მაჩალიკაშვილი სულელად არ უნდა გამოვიყვანოთ: „ნუ გამოვიყვანთ ამ ახალგაზრდა კაცს სულელის პოზიციაში, თითქოს მან არ იცოდა ვინ იყო, რას წარმოადგენდა ჩატაევი. მან არ იცოდა ვინ ურიცხავდა ფულს მას და მის ნაცნობებს; თითქოს, მან არ იცოდა, რატომ აყიდინებდა ამდენ ტელეფონს და ტელეფონის ნომრებს ჩატაევი და ა.შ. გამორიცხულია ეს ისეთი ტიპის ახალგაზრდა კაცისთვის, გონება გახსნილისთვის როგორიც იყო თემირლან მაჩალიკაშივლი. გამორიცხულია, რომ ის აზრზე არ ყოფილიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვამბობ, რომ ის ტერორისტი იყო, არავითარ შემთხვევაში, ვამბობ, რომ არ ვთვლი, რომ თემირლანი არაფრის აზრზე იყო, როგორც ამას მამამისი თვლის“.

მსგავსი თემები