„უფროსი საუბრობს, უმცროსი უსმენს, უფროსი აკეთებს პაუზას, უმცროსი ხმას არ იღებს“ – რეალურია თუ არა მაჩალიკაშვილის ჩანაწერი

  •  

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის კონკრეტულ დეტალზე საუბრობს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დაასკვნა, რომ ჩანაწერი რეალურია. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საუბრის ჩანაწერში ზედმიწევნით არის დაცული პანკისელების მენტალიტეტი და ადათ-წესები და გამორიცხავს, რომ საუბარი დადგმული იყოს.

„თუ ეს არის მაჩალიკაშვილი, მაშინ ხელისუფლებას ხელთ აქვს მხოლოდ ჩანაწერი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გაკეთებულია, ვიზუალური კონტაქტის შედეგად. რაც შეეხება მის რეალობას, თუ ჩანაწერი დადგმულია, მაშინ, სცენარისტი ძალიან კარგად იცნობს კავკასიელი ხალხის მენტალობას. მე ასეთ ადამიანებს პრაქტიკულად ვერ ვხედავ ჩვენს სივრცეში, რომელიც ვისაც შეიძლება ეს გაეკეთებინა“ – აღნიშნა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალს, ექსპერტი მას შემდეგნაირად ხსნის: „ჩანაწერში არის მნიშვნელოვანი ნიუანსი უმცროსისა და უფროსის საუბრის. ამ საუბარში აბსოლუტურად დაცულია ურთიერთობის წესი. უფროსი საუბრობს, უმცროსი უსმენს. უფროსი აკეთებს უზარმაზარ პაუზებს და უმცროსი ხმას არ იღებს. ეს იმიტომ, რომ იქ წესია ასეთი. უფროსი, რომ საუბრობს, უმცროსი უნდა გაჩუმდეს. მხოლოდ ერთხელ ჩაერთო უმცროსი, როდესაც გეოგრაფიის დაზუსტება მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ მე, ასე თუ ისე, ვიცნობ ამ კულტურას, შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს არის დადგმული, ვიღაც ისეთმა დადგა, რომ ძალიან კარგად იცნობს იქაურობას, რაშიც მე ეჭვი მეპარება“- აცხადებს არეშიძე.

„მთავარის“ კითხვას, შესაძლებელია, აღნიშნული ჩანაწერი თავად ქისტების მონაწილეობით იყოს მოპოვებული, არეშიძემ უპასუხა, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.

„გამოვრიცხავ, როო კავკასიელს დადგმაში მიეღო მონაწილეობა. მაშინ, დამკვეთს უნდა ეთქვა, რომ მინდა ასეთი სცენარი და ის შეასრულებდა ამ დადგმას. აქამდე, რომ მიხვიდე, ძალიან მაღალი დონის რეჟისორი უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. ეს დეტალი იმიტომ დაგისახელეთ, რომ ორი კავკასიელის, მთიელის ლაპარაკთან ეს ტექსი არის ძალიან ახლო. მე ავთენტურობისკენ არ მივდივარ. მე ვამბობ რომ ავთენტურობა უნდა დადგინდეს“ – განუცხადა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოში ტერორისტული აქტის შესაძლო დაგეგმვასთან დაკავშირებით, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სს წესით დაიწყო. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გუშინ 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა.


მსგავსი თემები