„ბარემ, აზერბაიჯანელებისგან არც მწვანილი იყიდოთ და არც ცხვარი, ეთნიკური შუღლი მწვავდება“ – ალი ბაბაევი

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბევის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, ეთნიკურ ნიადაგზე, დაპირისპირება მწვავდება.

აღნიშნულ საკითხზე, ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავს პრობლემას ადგილი აქვს ქარელში.

„ეს საქართველოს ტერიტორიაა და სადაც აზერბაიჯანი თვლის, რომ თავისი სტრატეგიული ტერიტორიაა, მას აკონტროლებს. არსებობს 1921 წლის რუკა, რომელიც საზღვარს აფიქსირებს. პირადად, შეკითხვები მაქვს როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე საქართველოს ძველ და ამჟამინდელ ხელისუფლებასთან – დღემდე პრობლემა რატომ ვერ მოგვარდა? იცით, რამხელა ზიანს გვაყენებს ეს გაუგებრობა ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს? დღეს დამირეკეს ქარელის რაიონიდან, ქართველები აზერბაიჯანს ედავებიან – “ბიჭო გარეჯს გვართმევთ-ო?” ამის გამო, შეიძლება, ეთნიკური შუღლიც კი მოხდეს“ – აღნიშნა ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში.

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდე სხვა ქვეყანა მოქმედებდეს.

„არიან ძალები, რომლებიც მოქმედებენ მეორე და მესამე ქვეყნების დაკვეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად. როცა „ვაი პოლიტიკოსები“ გამოდიან და აცხადებენ „სოკარ ჯორჯიას“ საწვავი არ ვიყიდოთო, ვინმე ახსენებს, რომ ის ყველაზე დიდ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში? ბარემ, არც აზერბაიჯანელების მწვანილი ვიყიდოთ და არც მათი ცხვარი. არაფერი იყიდოთ. ეს სირცხვილი არ არის?“ – აცხადებს ბაბაევი.

მსგავსი თემები