„სახელწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი შვილები დაბალი ფასეულობებითა და ღირებულებებით არ გაიზარდონ“ – საპატრიარქო სამუშაო ჯგუფზე

  •  

„თუ ეკლესია ამ ნეგატიურ მოვლენებზე საუბრობს, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს, ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი შვილები ძალიან დაბალი ფასეულობებითა და ღირებულებებით არ გაიზარდონ. პირიქით, მათ ღირებული რამ უნდა მივაწოდოთ“ – აცხადებს მამა ანდრია ჯაყმაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას და იმ სამუშაო ჯგუფზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საპატრიარქოს ახალგზრდულ ცენტრში სხვადასხვა პრობლემურ თემასთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში იკრიბება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, საპატრიარქო, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით ჯგუფის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც ეს საკითხი უნდა შეისწავლოს და დაარეგულიროს

როგორც მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი შეფასება ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს არ ეხება და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში თემატური ჯგუფები პერიოდულად იკრიბება.

მამა ანდრია: „სამწუხაროდ, ჩემს კომენტარში, რომელიც გავრცელდა,  ვსაუბრობდი ზოგად პრობლემაზე, რომელიც ბილწსიტყვაობასა და შეურაცხყოფას ეხება. რომ, ჩვენი შვილები სატელევიზიო სივრციდან  ძალიან ბევრ აგრესიას, უხამსობას, ბილწსიტყვაობას იღებენ. რატომღაც,  რომ ჩემი სიტყვები დაუკავშირეს ეკლესიას. კერძოდ, თითქოს, მე ვგულისხმობდი რომ უნდა შეიქმნას ეკლესიის მიმართ კრიტიკულად გამონათქვამების შემსწავლელი ჯგუფი, რაც არასწორია. არავითარ შემთხვევაში. ეკლესიას არ სჭირდება კანონით დაცვა. თუ ეკლესია ამ ნეგატიურ მოვლენებზე საუბრობს, ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, დღეს მასმედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და სახელწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი შვილები ძალიან დაბალი ფასეულობებითა და ღირებულებებით არ გაიზარდონ.

პირიქით, მათ ღირებული რამ უნდა მივაწოდოთ. ამა თუ იმ დაგროვილ პრობლემებთან დაკავშირებით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ჩვენ, პერიოდულად მცირე კონფერენციებს ვმართავთ, სადაც ვიწვევთ ამ პრობლემებზე ყველაზე მეტად ჩართულ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის, სახელმწფო სტრუქტურის წარმომადგენლებსა და არასამთავრობოებს. ბოლო რამდენიმე შეხვედრა სწორედ ბავშვების პრობლემებს ეხებოდა. ვისაუბრეთ კრიმინალის ზრდაზე, სატელევიზიო სივრცის რეგულაციებზე, აზარატულ თამაშებზე, ნარკოტიკებზე, აბორტებზე და თითოეული მიმართულებით შეიქმნა სამუშა ჯგუფი. სწორედ ასე იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. რადგანაც საკითხი საინფორმაციო საშუალებებს ეხება, ჯგუფში, მონაწილეობას შევთავაზებთ  ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, ასევე, სახალხო დამცველის ოფისს, ჟურნალიტური ეთიკის ქარტიას და ევროპისა და ამერიკის გამოცდილების ანალიზს მოვახდენთ, რომ არსებული ვითარება ერთობლივად შევაფასოთ“.

მსგავსი თემები