ტყვია ნიადაგში, საკვებსა და დედის რძეში – რა კავშირი აქვს ორგანიზამში ტყვიის მომატებას დარიშხანთან?!

  •  

„გასულ წელს, როცა სტამბულში ვიყავი იქ მომუშავე ქართველებმა მითხრეს, რომ სტამბულის სავადმყოფო სავსეა ქართველი ბავშვებით, რომლის სისხლშიც მომატებული ტყვიის შემცველობაა დაფიქსირებული“ – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წერილი „მედიაცენტრ მთავარს“:

საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი,

პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე  ბავშვების ორგანიზმში ტყვიის კოცენტრაციის მატებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ მიმართავს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც, შესაძლოა,  ამ პროცესების გამომწვევი და მაპროვოცირებელი იყოს.

„გაირკვა, რომ დასავლეთის მხარეში, სახელდობრ ზღვის პირას მაცხოვრებელ ბავშვებში ტყვიის შემცველობა სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ ბავშვებთან შედარებით, უფრო მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ? ამ კითხვაზე შევეცდები გავცე პასუხი: პირველი – ტყვია დაკავშირებულია დარიშხანის საბადოსთან და როცა რაჭაში ხდებოდა ღია კარიერული წესით ვერცხლის მოპოვება, ვერცხლი და ტყვია ჩადიოდა გრუნტის წყლებში, გასული საუკუნის 80 წლებში დარიშხანის შემცველობა აღმოჩენილ იქნა ნიადაგში, მცენარეულ საკვებში და დედის რძეშიც კი. ამ გარემოებამ შეაშფოთა საბჭოთა ექიმები, მაგრამ, ქმედითი ღონისძება არ განხორციელებულა – ეს ანალიზი, რათქმაუნდა, ეხება ტყვიასაც;

შემდეგი მიზეზი – ბათუმის მახლობლად განლაგებული იყო რუსეთის სამხედრო ბაზა და როცა მოხდა მათი გასვლა, არ მომხდარა იქ დარჩენილი სამხედრო ნარჩენების უტილიზაცია; და, კიდევ ერთი  მთავარი მიზეზი – სოხუმთან არსებული ეშერის საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს საშიშ ცდებს. ყოველივე ამას ემატება მანქანების გამონაბოლქვი, ნაგავსაყრელების მოუწესრიგებულობა, მეორადი საბურავების გამოყენება და წვა; ცნობისათვის: გემის საღებავები შეიცავს ტყვიის მაღალ შემცველობას, სამშენებლო მასალები გაჯერებულია ტყვიით და არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს დივერსიასაც – მსგავსი მეთოდი გამოიყენება ჰიბრიდული ომის დროს.

არანაკლები სიმწვავით დგას ეკოლოგიური პრობლემა დასავლეთის ცალკეულ რაიონებში (ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა) და შემოგარენში. დასავლეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობა წლებია საუბრობს გამოწვევებზე, რაც მათ დასახლებულ პუნქტებში დგას ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების, საყოფაცხოვრებო სავარგულების გამოუსადეგრად გადაქცევის თუ ადგილზე მოწეული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.

ასევე, აუცილებლად უნდა შევეხოთ თბილისის ძირითად პრობლემას, სახელდობრ: თბილისის ცენტრში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული „ელიავას ბაზრობა“ და მიმდებარე განვითარებები დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას იწვევს.

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება მეორადი საბურავების დაწვა და მისი გადამუშავება (აქვე მინდა აღვნიშნო და, თუ არ ვცდები, ამ ტერიტორიის ნაწილი ორი პარლამენტარის საკუთრებაში იმყოფება), მიღებულ რეზინას იყენებენ ბავშვების გასართობი ტერიტორიების რბილი საფარის დასაგებად (საზღვარგარეთ სუფთა კაუჩუკს იყენებენ), რაც დიდ ზიანს აყენებს იქ მოთამაშე ბავშვებს. მაშასადამე, აუცილებელია, მოცემული ტერიტორიის (ელიავას ბაზრობა) ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა, ხოლო თავისი განლაგების გათვალისწინებით კი, ტერიტორია საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად უნდა გადაიქცეს.

რა შედეგი მოყვება ტყვიის შემცველობის ზრდას ადამიანის ორგანიზმში: მოზარდებში გონებრივი განვითარების შეფერხება; თექვსმეტი და მეტი წლის ახალგაზრდებში სექსუალური პოტენციალის დაცემა, რაც იწვევს ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების ზრდას; გულის და ნერვიული სისტემის დაავადებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და როგორც კარგი მკურნალი იტყოდა – ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი თუ არ დავადგინეთ, სნეულებას ვერ ვუმკურნალებთ“.

მსგავსი თემები