სააღდგომოდ კვერცხზე კონტროლი მკაცრდება 

  •  

“სურსათის ეროვნული სააგენტო”, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ამკაცრებს.

როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  კვერცხის უვნებლობა და ვარგისიანობა მკაცრად გაკონტროლდება.

“სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები,”- განაცხადეს “სურსათის ეროვნულ სააგენტოში”.

ინფორმციისთვის, მიმდინარე პერიოდში, სახელმწიფო კონტროლი 70- ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება არსებულ კანონმდებლობას, 2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

მსგავსი თემები