„მოიოხეთ ბატონები, რაც გინდათ ის მოიოხეთ, თუმცა, საკუთარ, პირად სივრცეში“ – მირიან წიკლაური ემოციური განცხადება

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მირიან წიკლაური საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობას და გინებას კატეგორიულად ემიჯდება, საზოგადოებას მიმართავს და „მედიაცენტრ მთავართან“ მწვავე განცხადებას აკეთებს.

„მედიაცენტრი მთავარი“ მირიან წიკლაურის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ: „ბილწსიტყვაობა, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, ოჯახის წევრების სხვადასხვა ბრუნვაში ტრიალი მოგწონთ? არა, არ მოგწონთ, თუმცა, არც ფიქრობთ საჯაროდ გააპროტესტოთ. უფრო მეტიც, თუ ვინმე გაბედავს და ხმამაღლა იტყვის საკუთარ და მოსახლეობის აზრს, რომ ეს სიბინძურეა, რომ ეს ცუდი მაგალითია, რომ ადამიანებს აქვთ მოთმინების ზღვარი, რომ შესაძლოა, „ვიღაცის“ ოჯახის წევრს ნერვებმა ან მოთმინებამ უმტყუნოს, რომ სადღაც აუცილებლად გაწყდება და აფეთქდება, იწყება თავდასხმა ადრესატზე, ვინც ამისი თქმა გაბედა. ეს, თურმე, საზოგადოების წაქეზება ყოფილა. თურმე, ძალადობის, შურისძიების, ანგარიშსწორების წახალისება ყოფილა.

დეპუტატი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ გინება, დამცირება, შეურაცხყოფა არ შეიძლება, თურმე, ამ სიტყვებით მოსახლეობას ძალადობისკენ მოუწოდებს. დიახ, იქ სადაც არ არს არგუმენტები, მსჯელობისა და კამათის შესაძლებლობა, იქ, სადაც არ არის ფაქტები და სიმართლე, სწორედ იქ არის მუშტიც და გინებაც. დიახ, ჩვენ, არც დიდებს, არც პატარებს, არც ცნობადებს, არც უცნობებს, არც მათ, ვისაც აზრი მოეკითხება, არ მოგვწონს გინება და ამ პოზიციით ვახალისებთ „ძალადობას“.

იქილიკეთ, ილანძღეთ და ძალადობის წაქეზებად ჩათვალეთ, რასაც ახლა გეტყვით: დიახ, ყველა ყველაფერს და ყოველთვის ვერ მოითმენს; ვერ მოითმენს, თუ როგორ აგინებენ მის მამას, ძმას, შვილს თუ მეუღლეს; დიახ, თქვენ, ვისაც გინებისა და ბინძურის სიტყვების გარდა სხვა “ძალა“ არ გაგაჩნიათ, დაეცემით და ასევე, ვისაც ბინძური სიტყვები, გინება და უხამსობა სიძლიერე ჰქონია, მათ უბრალო გამოკიტხვას გავაცნობ – გამოკითხული 350 მოქალაქიდან, მხოლოდ ორმა დააფიქსირა, რომ გინება მისაღებია. თან, ისიც განმარტა, რომ ამით გულს იოხებენ.

ამგვარად, მოიოხეთ ბატონები, რაც გინდათ ის მოიოხეთ, თუმცა, საკუთარ, პირად სივრცეში და საზოგადოებას ნუ გვწამლავთ, მაგალითს ნუ გვაძლევთ, რომ თურმე, ეს – საჯარო სივრცეში სიბინძურის ფრქვევა შეიძლება და მისაღებია. დიახ, ვეთანხმებით დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომ ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ და სადღაც შესაძლოა „გაწყდეს“.

არსებობს, თმენის ვალდებულება, როცა საჯარო პირი ხარ, მაგრამ არის სიტუაცია, როცა ვალდებული ხარ და უნდა თქვა. ამჯერად, სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბილწსიტყვაობა და ურთიერთშეურაცხყოფა მისღებ არ უნდა გავხადოთ, მითუმეტეს საჯარო სივრცეში. დრო მაინც ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.“

მსგავსი თემები