“სიწმინდე არ შეიძლება შეერიოს ნაგავს” – რა ვუყოთ ძველ, ნაკურთხ ბზას – დეკანოზი „მთავარში“

როგორ ჩავანაცვლოთ ძველი, ნაკურთხი და გამხარი ბზა ახლით ისე, რომ არ შევცოდოთ? ამ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარს“ დეკანოზი გიორგი კიკვიძე ესაუბრა.

დეკანოზის თქმით, გასული წლის ნაკურთხი ბზა და სხვა ნარჩენები, რომელსაც შეხება ჰქონდა საეკლესიო მსახურებასთან, ერთად უნდა მოგროვდეს და სუფთა ადგილას დაიწვას.

“ნებისმიერი სიწმინდე, არ შეიძლება, საერთო ნაგავს შეერიოს . ბზა იქნება ეს თუ სხვა რაიმე, არის მადლის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ ამით კრძალვას გამოვხატავთ და მას საერთო ნაგავში, საყოფაცხოვრებო ნაგავში არ ვურევთ და განსაკუთრებულ ადგილას ვანადგურებთ,”-განუცხადა დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარს”.

მამა გიორგის თქმით, სანთლის ნამწვავები, კანდელის მონარჩენი ძაფები, ყვავილები და სხვა ყველა ნივთი, რომელიც შეხებაში იყო საეკლესიო მსახურებასთან, მრევლს შეუძლია, ტაძარში წაიღოს, ან საკუთარ ეზოში დაწვას.

“მრევლს მიაქვს წინა წლის ნაკურთხი ბზა თავის ტაძარში, რომელშიც დადის. ყველა ეკლესიას აქვს გამოყოფილი წმინდა ადგილი, სადაც წვავენ ბზას. თუ სახლში აქვს საშუალება, შეუძლია თავისივე ეზოში დაწვას, სუფთა ადგილას. ეს იქნება სანთლის ნამწვავები, კანდელის მონარჩენი ძაფები, ყვავილები და სხვა ყველა ნივთი, რომელიც შეხებაში იყო საეკლესიო მსახურებასთან,”- განაცხადა დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ.

დეკანოზი მრევლს მიმართავს, რომ ბზობის დღესასწაული ბრწყინვალე დღესასწაულად არ მოიხსენიოს, რადგან არც ბზობა და არც შობა ბრწყინვალე დღესასწაული არ არის.

„თუკი ადამიანს უნდა, რომ თავის გულში მიიღოს მაცხოვარი, მას არ სჭირდება ამისთვის ბზის ძალიან დიდი ბუჩქი, ამ დღისთვის ბზის პატარა ტოტიც კი საკმარისია. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ბზობა არ არის ბრწყინვალე დღესასაწული, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უწოდებს.“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს,ბზობას, კვირას, 21 აპრილს აღნიშნავს.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები