ბზის მოჭრა 500-ლარიანი ჯარიმით ან სს პასუხისმგებლობით ისჯება – გაფრთხილება მოსახლეობას

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „კოლხური ბზის“ ჭრასთან დაკავშირებით, კონტროლი მკაცრდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ მოჭრან ბზა, რადგანაც აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

საქართველოში „კოლხური ბზის“ მდგომარეობაზე, დაავადებებსა და საჯარიმო სანქციებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, დღეს, 10:30-საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

არსებული მდგომარეობით, კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

„გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-14 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების ძლიერ დაზიანება/დასუსტება. ხოლო, მომდევნო წლებში პრობლემა მავნე მწერმა – ბზის ალურამ გაამწვავა“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო მოსახლეობას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს და უკანონო ჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე“ – განუცხადეს „მთავარს“ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძი სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

მსგავსი თემები