„რადგანაც ენერგეტიკა ქვეყნისთვის სასიცოცხლოა, საგაფიცვო რეჟიმზე ვერ გადავალთ“ – ენერგეტიკოსების პროტესტი

ენერგეტიკოსები 4500 ადამიანისთვის ხელფასების 600 დან 1100 ლარამდე ზრდას და ადამიანური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები 19 მაისს დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლის გაუქმებას არ აპირებენ და მინიმუმ 5 000 ადამიანის გამოყვანას გეგმავენ. აქცია 13:00 საათზე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გაიმართება.

„სექტორში დასაქმებულ 4500 ადამიანს იმაზე გაცილებით დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ეს მას ეკუთვნის. მათი ანაზღაურება 600 ლარია. ვითხოვთ, ეს თანხა 1100 ლარამდე გაიზარდოს და ღირსეულ პირობებში უწევდეთ მუშაობა. მართალია, ვიწყებთ აქციებს, მაგრამ საგაფიცვო რეჟიმზე იმ მარტივი მიზეთ ვერ გადავალთ, რომ ენერგეტიკა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა აქციისა, ვითხოვთ მედიაციას და ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულთა დაკავშირებით მივმართავთ. ამ უფლებას კი კანონი გვანიჭებს. ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, დაიწყოს მედიაცია. მედიატორი ჯერ არ გვყავს“, – აღნიშნა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩოხელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, პროფკავშირს არ ეძლევა ხშირად შესაძლებლობა, წევრებს შეხვდნენ და ღირსეულად და თავისუფლად ისაუბრონ. არის დაშინებაც, რის გამოც, წევრები პროფკავშირებს ტოვებენ.

„პროფკავშირული საქმიანობის გააქტიურების შემდეგ, ათეულობით პროფწევრი გადის პროფკავშირებიდან. ბოლო თვეებში, 150 ზე მეტმა წევრმა დატოვა პროფკავშირი, მაშინ როდესაც ჩვენი მოქმედება მიმართულია მათი სამართლებრივი უფლებების დასაცავად და შრომის პირობების გასაუმჯობესებლად. სამსახურიდან გაანთავისუფლეს კახეთის რეგიონალური პროფ.რწმუნებული. ასევე გათავისუფლებულ იქნა კახეთის რეგიონალური რწმუნებული.

აღნიშნული მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს პროფკავშირის წევრებზე, სახელმწიფოს მიერ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების შესახებ გაცხადებული პროცესის პარალელურად“ – აღნიშნა ჩოხელმა „მედიაცენტრ მთავარში.

მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციასთან კოლელქტიური მოპალარაკებების მიმდინარეობის პროცესში შეთანხმება ვერ შედგა და საკითხი ღიად დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკოსებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ძირითადი მოთხოვნები გააჟღერეს და მასობრივი გამოსვლებიც დააანონსეს.

მსგავსი თემები