“სამშობლოსათვის მებრძოლ სამშობლოდაკარგულებს“ გამოფენა მიეძღვნება  

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში, 22 მაისს, 17:00 საათზე, გამოფენა – „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“ გაიხსნება.

​გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში გაიმართება, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინო რეპერტუარის მიმოხილვა თემით, „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“.

როგორც “მთავარს” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, თემის პრეზენტაცია მომზადებულია ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი პერიოდის, 1918–1921 წლების პრესის მასალებზე დაყრდნობით და წარმოადგენს დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის სახელოვნებო რეპერტუარის შეძლებისდაგვარად სრულად აღდგენის მცდელობას.

1918–1921 წლების პერიოდიკაში („საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „დროება“, „თეატრი და ცხოვრება“) გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის, ბეჭდური და გრაფიკული სარეკლამო განცხადებების, ანონსებისა და აფიშების შესწავლის საფუძველზე აღდგენილია საოპერო, საბალეტო, დრამატული და კინო რეპერტუარი, რომელიც ქმნის იმ დროინდელი კულტურული ცხოვრების პანორამულ სურათს.

​მათივე ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას გაახსენებს სახელოვან წინაპრებს, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ მოღვაწეებს და ბოლშევიკი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ იუნკრებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გადარჩნენ და ემიგრაციაში დაასრულეს სიცოცხლე. გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ფონდში დაცული უნიკალური ფოტომასალა ბიოგრაფიული ცნობებით, მათი და მათზე გამოქვეყნებული ლიტერატურა. ასევე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაცული საარქივო დოკუმენტები.

მსგავსი თემები