„არა ციხეს“, – რუსთავში საპროტესტო აქციის მეოთხე დღე

რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას მეოთხე დღეა აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. ამჯერად მათ თბილისი-რუსთავის გზა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება. მათი აზრით, დაეცემა ბინის ფასები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ინვესტორი არ მოისურვებს თანხის ჩადებას.

ადგილობრივ მოსახლეობას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში პეტიცია უკვე დაარეგისტრირეს. ისინი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეები ადგილზე იუსტიციის მინისტრის ჩასვლას, მასთან შეხვედრას და ციხის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვდნენ. მათ, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს. იგივე მოთხოვნის პეტიციით მათ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და რუსთავის თვითმმართველობას უკვე მიმართეს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს 24-საათიან ვადას აძლევენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები ვადის ამოწურვის შემდეგ უფრო ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას აანონსებენ.

მსგავსი თემები