ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც კანონი ყველასთვის თანაბარია, ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს – მამუკა ბახტაძე სასამრთლო რეფორმაზე

ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლისა და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის საიუბილეო ასამბლეაზე მამუკა ბახტაძე ვრცელი სიტყვით წარსდგა. პრემიერ მინისტრმა ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. როგორც მან აღნიშნა, სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი დაუღალავად მუშაობს ძლიერი, დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის ფორმირებაზე.

„მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ სასამართლო სისტემის სრულყოფის საქმეში. სრულყოფილებამდე კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა, შედეგი ნამდვილად სახეზეა. სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში. მის მიმართ ნდობა სულ უფრო მეტ ადამიანს უბრუნდება. ეს ყველაზე კარგად აქ – სტრასბურგში – იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა“ – განმარტა პრემიერმა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია ჯამში გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა, რაც, ბახტაძის შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა  ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს. მისი თქმით, 2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა, ადრე რეალურად 0 იყო. ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაშვენებელმა 68 პროცენტით იკლო. არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულისთვის პატიმრობის მისჯის რაოდენობა 70 პროცენტით შემცირდა,“ – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ ევროპელი კოლეგების ყურადღება მიაპყრო კორუფციის კლების ფაქტსაც. მისი თქმით, საქართველომ უმნიშვნელოვანესი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო. პრემიერმა დასძინა, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ნაკლებია მაშინ, როცა ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. პრემიერმა სიამაყით განაცხადა, რომ დღეს „ღია ბიუჯეტის ინდექსით“ საქართველო მე-5 ადგილზეა, შვეიცარიისა და ნორვეგიის შემდეგ.

„ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემა არ მუშაობდა ჯეროვნად და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა. განხორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ფაქტობრივად, 2018 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა მართებულად იმსახურებს გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის „ადამიანის უფლებების წარმატებული შემთხვევების“ კონტექსტში ხსენებას. საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. მათი დარღვევა ადრე  ხდებოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება. მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას. სასამართლო სისტემა უფრო მეტად რეაგირებს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე და დისკრიმინაციაზე; დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია,“ – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს აშენებს, სადაც ადამიანი არის მიზიდულობის ცენტრი, სადაც თანაბარ შესაძლებლობები ენიჭება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და  მდგომარეობისა, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს.

მსგავსი თემები