„ღია კარის მტვრევით წავიდნენ, გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა“ – ბიძინა ივანიშვილი გუნდიდან წასულებზე

პარტია „ქართული ოცენების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუნდიდან წასული დეპუტატების წასვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ.    

„მინდა შევჩერდე წასვლის მიზეზზე. ჩემი აზრით, მიზეზი არ ჰქონდათ, ღია კარის მტვრევით წავიდნენ და ამას დავასაბუთებ და გაჩვენებთ რა მაქვს მხედველობაში. ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. თუმცა, ამ მხრივ, მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს.  მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა,  მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ასახელებდნენ და ასახელებენ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „იმედის ეთერში“.

პარტიის თავმჯდომარე მოსამართლეთა შერჩევის პროცესსაც იხსენებს და ამბობს, რომ აჟოტაჟი ხელოვნურად იყო აწეული.

„გახსოვთ, რომ წლის ბოლოს, იუსტიციის საბჭოდან შემოიტანეს 10 მოსამართლის განცხადება, ამას პარლამენტში ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მახსოვს, ერთ დღეს მომიწია ორ ჯგუფთან შეხვედრა, 30 კაცი იყო ერთ ჯგუფში , მეორეში 15-20 კაცი. ემოციურობა იყო ძალიან ბევრი, ჩვენ გვქონდა პოლემიკა. დაჟინებით ითხოვდნენ რომ სწრაფად არ განხილულიყო ეს სია და მათში ეს სამეული შეიძლება ვთქვათ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რასაც ესენი იჩემებენ და მეც არ ვუკარგავ ამას. ორი თუ სამი დღის პოლემიკის შემდგომ, მთელი გუნდი დარწმუნდა, რომ ეს სია საჩქაროდ არ უნდა განხილულიყო. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეც გამოვიდა და გააკეთა განცხადება, ამის შემდგომ, დამტკიცების და განხილვის ფორმაზე იყო დიდი პოლემიკა. ამ პროცესში თვითონ მოსამართლეებმა გაიწვიეს საკუთარი განცხადებები უკან, რამეთუ პროცედურულად სხვანაირად არ შეიძლებოდა,  პარლამენტს არ შეეძლო ის უკან გაეგზავნა, ასეც მოხდა. ეს სამეული დაჟინებით აცხადებდა ღია კარის მტვრევას. თქვენ გახსოვთ, ამას მოჰყვა ბესელიას გადადგომა,“  – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები