კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი 15 000 ლარის გირაოს დაკისრებას აპროტესტებს

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სააგენტოს კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და მისთვის 15 000 ლარის გირაოს დაკისრებას აპროტესტებს.

კახა ბასილია ამ თემაზე ხვალ, 10 აპრილს, “მედიაცენტრ მთავარში” საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. 

როგორც კახა ბასილია აცხადებს, მისთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებით ხდება გირაოს თანხის შეფარდება. 

“ყველა „კაპიკს“ ვეძებ, რომ ფედერაცია რაღაცნაირად გამოვიყვანო, ოლიმპიური ლიცენზია ავიღო. როგორც მეუბნებიან, რაღაც საბუთი იყო გაყალბებული. მდივანი ახლა ისრაელში ცხოვრობს, დაკითხულიც არ არის. ეს არის შარშანდელი ამბავი, ერთი წელი გავიდა ზუსტად. ახლა სასამართლო ჩაატარეს, გირაო შემიფარდეს და გაავრცელეს ინფორმაცია. ამით რა მოიგეს? ქართულმა სპორტმა მოიგო?“, – აცხადებს ბასილია.

ბასილიას, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება, რის გამოც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა. 
 
ბასილიას თქმით, თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ძალიან მარტივად შეუძლიათ გამოიძიონ, თუ ვინმე დასასჯელია, დასაჯონ, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟით ფედერაციის დისკრედიტაციას ახდენენ ლიცენზირების წელს.

მისივე თქმით, 140 სპორტსმენიდან მხოლოდ 4 დაკითხეს.  

“ისეთ რაღაცაზე მედავებიან, რაც ნებისმიერ გამომძიებელს შეუძლია ნახოს, რომ ის შეჯიბრი, სადაც ათი კაცის ფული მოვითხოვეთ, 124 კაცი წავიყვანეთ, დავხარჯეთ 40 000-ზე მეტი. რატომ ახდენენ კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციას, ეს არ მესმის. თუ საბუთებში რაღაც აღმოაჩინეს, მითხრან, – ასეთი რაღაც არის და გამოასწორეო. ჩვენ შპს არ ვართ, მოგებაზე რომ ვიმუშაოთ. მოწადინებული ვართ, საქართველოს დროშა აღვმართოთ და ჩვენი სპორტსმენები გავიყვანოთ საზღვარგარეთ”, – აცხადებს კახა ბასილია. 

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ვიღაცას მისი თანამდებობიდან ჩამოცილება უნდოდეს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 29 მაისს გაიმართება. ის კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანადებობაზე რჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ჩემპიონატზე მან კულტურისა და სპორტის სამინისტროში ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, რის საფუძველზეც 10 ათას ლარზე მეტს დაეუფლა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,”-აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები