“მთავარი მწვრთნელი თათიას ცუდად ექცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა” – დიმიტრი ლორთქიფანიძე

  •  

ქართველი ძალოსანი ქალის, თათია ლორთქიფანიძის ჩემპიონატიდან მოხსნასთან დაკავშირებით, მისი მამა, პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ძალოსნობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობაზე და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გამოეთიშა თათია შეჯიბრს.  

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, თათიამ ტრავმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას არაკვალიფიციურობის გამო მიიღო. მას არავითარი შეხება არ აქვს შტანგასთან და მხოლოდ იმის გამო ჩააბარეს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომ ასანიძის ქვისლი და ნდობით აღჭურვილი პირია. 

მისივე თქმით, გარდა მისა, თემურ ჯანჯღავა ცუდად ექცეოდა თათიას, აყენებდა შეურაცხყოფას. ეს ფაქტი წერილობით და ზეპირად თათიამ და მისმა პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა, არა ერთგზის დააფიქსირეს ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან, მაგრამ მისგან რეაგირება არ მოყოლია.

” თქვენ რომ შტანგისტი იყოთ და სანტეხნიკი გავარჯიშებდეთ და ტრავმებს იღებდეთ ამის გამო, ხომ გაგიჩნდებოდათ სამართლიანი პროტესტი? მიუხედავად ყველაფრისა, თათია იყო ორ გასვლით ვარჯიშზე, მათ შორის, დუშეთში, ასანიძის შეკრებაზე და ასევე, იყო მოლაპარაკებული, რომ თათიასა და თემურ ჯანჯღავას შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვის მიზნით გია ასანიძე ავარჯიშებდა თათიას. თუმცა, ერთ კვირაში, ასანიძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ ქალთა შეკრება გამოეყოფოდა საერთოს და ის რუსთავში, თემურ ჯანჯღავას თაოსნობით ჩატარდებოდა, ანუ დაირღვა მიღწეული შეთანხმება”, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე ინფორმაციით, ასანიძესთან მიღწეული შეთანხმების დარღვევის მიუხედავად, თათია მაინც გაემგზავრა რუსთავში, რაც მას ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. მან ფეხის სახსარში ტრავმა მიიღო. ეს ტატიშვილის კლინიკაშიც დაადასტურეს.

“ეს ტრავმა ჯანჯღავას შეკრებაზე მიიღო თათიამ. გარდა ამისა, ქალთა შეკრების ხარჯი ორჯერ შეამცირეს, ცხოვრობდნენ ახალ რუსთავში, დადიოდნენ სავარჯიშოდ ძველ რუსთავში და “ფასტვუდით” იკვებებოდნენ, რამაც შეკრების ყველა მონაწილეზე ძალიან ცუდად იმოქმედა, თათიამ 4 კილოგრამი დაიკლო, საკვები იყო უვარგისი(ამ ფაქტს ყველა ადასტურებს), სპორტსმენები სუპერმარკეტში საკუთარი ხარჯით იმატებდნენ საკვებს და ხილს. აღსანიშნავია, რომ თათიას გარდა, დანარჩენი 3 ქალი ახალბედები იყვენენ და მისგან განსხვავებული დატვირთვა ჰქონდათ. ვარჯიშის სტანდარტი ვერ უზრუნველყოფდა თათიას მოთხოვნებს, მთავარი მწვრთნელის არაკვალიფიციურობის გამო პირველ რიგში და პირობების უქონლობის გამო მეორე რიგში. ამასთანავე, თემურ ჯანჯღავა ცუდად ექცეოდა თათიას, აყენებდა შეურაცხყოფას. ეს ფაქტი წერილობით და ზეპირად თათიამ და მისმა პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა არა ერთ გზის დაუფიქსირეს ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, რომლისგანაც ამ სავალალო ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია”, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე თავის ფეისბუქსტატუსში.

მისივე ინფორმაციით, მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, თათია და მისი პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი კახი კახიაშვილს შეხვდნენ და არაკვალიფიციურ მთავარ მწვრთნელთან ვარჯიშის გაგრძელებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თათია ლორთქიფანიძე საწვრთნელ ვარჯიშს მარტში, თბილისის ძალოსნობის მანეჟში გაივლიდა.

კახიაშვილის მოთხოვნით ამ დროს, თათიამ ჩააბარა საერთაშორისო დოპინგ ტესტი და დაფიქსირდა რომ სუფთაა. გადაწყდა, ვარჯიში გაგრძელდებოდა თემურ ჯანჯღავას გარეშე და ჩემპიონატამდე გარკვეული დღეებით ადრე თათია თავის მწვრთნელთან ერთად ჩავიდოდა ბათუმში. მაგრამ, 3 აპრილს, სრულიად შემთხვევით, რადიო “აფხაზეთის ხმის” ეთერში გია ასანიძემ განაცხადა, რომ ქალებს შორის მედლები არ იგეგმებოდა, რადგან ნაკრების შემადგენლობა დებიუტანტებითაა დაკომპლექტებული.

“რა თქმა უნდა იმ წამსვე წავედი განათლების სამინისტროში და შევხვდი მინისტრის მოადგილეს სპორტის დარგში შალვა გოგოლაძეს. ვალაპარაკე ის თათიას პირად მწვრთნელსაც, გელა მახარაშვილს. გოგოლაძემ სიტყვა სიტყვით განაცხადა, რომ ის ახლა დაუკავშირდა ფედერაციას ბათუმში და იქ მას განუცხადეს, რომ ელიან თათიას და მის მწვრთნელს ხვალ, 4 აპრილს და რომ არავითარი წინააღმდეგობა მათი მხრიდან თათიას არ შეხვდება და ის იასპარეზებს(!) ამის შემდეგ, საქმის კურსში ჩავაყენეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც და მანაც დაგვიდასტურა რომ თათიას პრობლემები არ შეექმნებოდა და ის იყო ბილეთი ავიღეთ მატარებლის, რომ გელამ მიიღო კახი კახიაშვილის სმს შეტყობინება,- “გელა მარტო ჩამოდი, თათიას გარეშე”.

4 აპრილს, გელა ჩავიყვანე ჩემი მანქანით. ზუსტად 4 საათი ილაპარაკა კახიაშვილმა სხვადასხვა თემებზე და ღამის 12 საათზე განაცხადა, – თათიას ვერ დავუშვებთ 10 აპრილის, შეჯიბრზე, რადგან დისციპლინის დარღვევაში ედება ბრალიო(!) ვერიფიკაცია დილით 9 საათზე უნდა შემდგარიყო. ამის შემდეგ ჩენ გამოვიძახეთ პოლიცია სასტუმრო “კოლიზეუმში” და შევადგენინეთ რეაგირების ოქმი, ყველა ფაქტის მითითებით”, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ჩემპიონატში თათიას არმონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და აღშფოთება გამოხატა.  

“არ შემიძლია, არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში. იმედი მაქვს, ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები