გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ – ენერგოომბუდსმენი

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებები და ადამიანების სიკვდილიანობა, ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემად იქცა.

მისი შეფასებით, გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ აჩერებენ.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დიდი დიღმის 16 იანვრისა და დიღმის მასივში 7 აპრილს მომხდარი აფეთქება ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირველის შემთხვევაში ეს კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულება იყო. მეორე შემთხვევაში კი გამოძახება იყო არადროული.

“ის, რაც მოხდა გუშინ, დიღმის მასივში, ჩემი კვლევის საგანი იქნება პირველ რიგში. დროულად მოახდინა თუ არა კომპანიამ რეაგირება, ჩაატარეს თუ არა იქ მისულმა თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამუშაოები? მე მათთან ზეპირი კომუნიკაცია პირველივე წუთებიდან მქონდა. 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდათ “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს ადგილზე მისასვლელად, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამოძახება იყო არადროული. ეს არის პირველადი მოცემულობა დიღმის მასივის შემთხვევაში. ამ ორ კორპუსს შორის არის კიდევ განსხვავება ის, რომ დიდი დიღმის კორპუსი იყო ახალი აშენებული და ახალი გაზიფიცირებული, შესაბამისად იქ პრობლემებს ყველაზე ნაკლებად მოველოდით. აბსოლუტურად განსხვავებულია ძველ კორპუსებში არსებული მდგომარეობა. გაზის სახით, ფაქტობრივად, ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ. ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, როგორც დანადგარების მონტაჟის დროს, ასევე ქსელის მოწყობის, სამშენებლო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მთავარში”.

აღსანიშნავია, რომ დიღმის მასივის VI კვარტლის V კორპუსში აფეთქება გუშინ, 7 აპრილს მოხდა. შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი, 7 თვის ბავშვი. ​

მსგავსი თემები