2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა გვემუქრება – რა ინიციატივას წარუდგენს დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტს 

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისთვის – საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით იზრდება, საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით, 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლებით კი კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი ირღვევა.

აღნიშნული დისბალანსის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე დღეს, პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შემოღებასა და მათთვის მთელ რიგ პროგრამებს ითვალისწინებს. დეპუტატი კოლეგებს კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსის რღვევასთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც წარუდგენს და კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს.

როგორც დეპუტატმა მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას განაცხადა, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროებაა. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიას და სხვა ხელშემწყობ პროგრამებს.

რა სარგებელი ექნებათ სტატუსის მატარებლებს

დიმიტრი ხუნდაძე: „კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფომ მრავალშვილიან მშობელს განუსაზღვროს სტატუსი და მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღონ მხარდაჭერა. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება მშობელს ასაკის შეუზღუდავად. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე- დამატებით 10-10 ლარს.“

დეპუტატის ინფორმაციით, 2014 წლის აღწერით, საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

სულ საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20 ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში 2 235 840 ლარია; 5 ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს; 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი სულ 583-ის, ისინი თვეში 40 ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია; ხოლო 7 და მეტ შვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს.

„შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა. თებერვლის მონაცემებით კი ბაზაში რეგისტრირებულია 7 525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8% აქვს 300 000 და ნაკლები ქულა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა მიიღებს. შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, აღნიშნული შეღავათი გათვალისწინებული არ იქნება“, – განმარტავს დეპუტატი.

კავკასიაში ყოველი მე-3 მოქალაქე ქართველო იყო, დღეს ყოველი მეექვსეა 

როგორც „მთავარს“ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, პოლიტიკის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შედეგიც დადებითი იქნება.

„დემოგრაფიულ ვითარებას რეგიონულ ჭრილში თუ განვიხილავთ, აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, სომხეთის – 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით მცირდება, რაც სერიოზული დისბალანსია და შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილებების საფუძველიც გახდეს. ხანდაზმულთა რაოდენობა კი, მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს – 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს – 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე- 16-ე ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველო იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა, ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, – მიაჩნია ხუნდაძეს.  

დეპუტატი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს დემოგრაფიულ რისკებსაც გააცნობს. რაც შეეხება რისკის ჩამონათვალს, შემდეგია: 90-იანი წლების პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა; შიდა და გარე მიგრაცია; შობადობის დაბალი მაჩვენებელი; პატიმართა რიცხვის მატება, აბორტები და ნარკოვითარება.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დეპუტატი ფიქრობს, რომ უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული და ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა – არ დავიჭიროთ; არ გავზარდოთ ნარკომომხმარებელთა რიცხვი და არ დავაზარალოთ საზოგადოება!

დეპუტატი პარლამენტში იმ კონკრეტულ ღონისძიებებზეც ისაუბრებს, რაც ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაკეთდა.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ამ სტატუსის მატარებელთა დახმარება მხოლოდ ელექტროენერგიის სუბსიდირებით არ შემოიფარგლება. ისინი სხვადასხა მიმართულების – სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთვებიან. კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

მსგავსი კანონი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

 

მსგავსი თემები